პარ. ნოე 22nd, 2024

ფოთში ნატო-ს სამხედრო გემებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში (SNMG2) შემავალი ხომალდების კაპიტნებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ნიკო ნიკოლაძის ძეგლის გვირგვინით შემკობის შემდეგ მერიის სააქტო დარბაზში შეხვედრა გამართეს, სადაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ვიზიტის მიზნებზე ისაუბრეს.

ნატო-ს მუდმივმოქმედი შენაერთების ხელმძღვანელ მაიკლ ეთლმას განცხადებით: „პირველ რიგში, მინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატო იმ გულთბილი დახვედრისთვის, რომელიც საქართველოში მომიწყვეს. მოუთმენლად ველოდები დარჩენილ დღეებს, რომლებსაც აქ გავატარებ და ასევე ველოდები ერთობლივ წვრთნებს, რომელსაც ვგეგმავთ საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად. ეს ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს ურთიერთობას“.

ნატო-ს სამხედრო საზღვაო ჯგუფში (SNMG2) შემავალი 4 ქვეყნის – ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის გემები ფოთის პორტში 17 მაისამდე დარჩებიან და საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.