ქალთა შრომითი უფლებების დაცვაზე იმსჯელეს კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულმა ქალებმა,ფოთის მედიაცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე.
როგორც „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ფოთის მედია ცენტრის დირექტორმა,ინგა გვასალიამ პრეზენტაციისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა,რომ 2015 წელი გამოაცხადა ქალთა წლად ამ კუთხით არაფერი გამოკეთებულა,თუ არ ჩავთვლით პოლიტიკური პარტიებისთვის კვოტირების განსაზღვრას.
ქალები კვლავ აწყდებიან დისკრიმინაციას,როდესაც საქმე ეხება ანაზღაურებას,პრემიებს,დაწინაურებას,სამუშაო პირობებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე ყოფნას.
შეხვედრაზე გვასალიამ მონაწილეებს საერთაშორისო კონვენციებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
“სამწუხაროდ 2004 წლის შემდეგ საქართველოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არცერთი კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია და დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს რატიფიცირებული აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ 16 კონვენცია. სწორედ აქედან გამომდინარე ქალთა შრომითი უფლებების დაცვა კვლავ რჩება სერიოზული კრიტიკის საგნად. ყოველდღიურად ირღვევა ქალთა შრომითი უფლებები“-განაცხადა მედიაცენტრის დირექტორმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ქალებს მამაკაცებისგან განსხავვებით ნაკლები ანაზღაურება აქვთ ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორში, რაც მიუთითებს, იმაზე, რომ ქალების უნარი და კომპეტენცია არასათანადოდ არის შეფასებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქალთა საშუალო ხელფასი 400 ლარით დაბალია მამაკაცის საშუალო ხელფასზე.
გვასალიასვე განმარტებით საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში ჯერ კიდევ არსებობს ორმაგი სტანდარტი:
„საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურების შესახებ” 111-ე მუხლის მიხედვით მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან. ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო. მსგავს დებულებას არ ითვალისწინებს შრომის კოდექსი. რათქმა უნდა მისასალმებელია როდესაც საჯარო სამსახურში მომუშავე ქალები დაცულნი არიან დისკრიმინაციისგან თუმცა ამავე დროს გვიჩნდება კითხვა რამდენად სამართლიანია, როდესაც ასეთი სახის ნორმა მხოლოდ საჯარო სამსახურში მომუშავე ქალებზე ვრცელდება და არ ვრცელდება კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებზე. საქართველოს კონსტიტუცია კი ნათლად აცხადებს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე. რეალურად კი ასეთ „პოზიტიურ დისკრიმინაციას” ვაწყდებით“- განაცხადა გვასალიამ.