ხუთ. ნოე 21st, 2024

,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აბიტურიენტების ინტერესები იყოს დაცული და გამომდინარე აქედან ფოთში და ოზურგეთში, დიდი ალბათობით,

საგამოცდო ცენტრი არ გაუქმდება” – ეს განცხადება გააკეთა დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ფოთში, მე-2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში აბიტურიენტებთან. მშობლებთან, პედაგოგებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მიმინოშვილმა თავისი მოსაზრებები შეკრებილ ფოთელ აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საზოგადოებას გააცნო. მისივე თქმით, საგამოცდო ცენტრის საკითხი, გადაიხედება და გადაწყდება ადგილობრივი აბიტურიენტების, მოსწავლე ახალგაზრდობისა და მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ფოთში საგამოცდო ცენტრის გაუქმებასთან დაკავშირებით ფოთელი ახალგაზრდების არაერთი პროტესტი და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მყისიერი რეაგირება მოყვა.