ორშ. დეკ 9th, 2024

ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში სანიჩბოსნო სკოლის უკვე ყოფილი
დირექტორი,სპორტის დამსახურებული მუშაკი,ფრიდონ ბირკაია ადანაშაულებს.

სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უფროსი ხვიჩა ცხვიტარია კი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას კატეგორიულად გამორიცხავს: ,,ყველა მენეჯერი გამოსაცდელი ვადით მყავდა დანიშნული, ბირკაიამ ვერ გაიარა ეს ვადა”.

ბირკაია წლების განმავლობაში სანიჩბოსნო სკოლას ხელმძღვანელობდა და ამ ხნის მანძილზე მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიას ადგილი არ ქონია. ახლა კი ცხვიტარია ამბობს, რომ ,,იმ სკოლაში გარკვეულ დარღვევებს ქონდა ადგილი”.

თავის მხრივ ბირკაიას უკვირს, რა დარღვევებზეა საუბარი:

,,სამ თვეში რა დარღვევა ნახეს, არ ვიცი. 6 პირველი და 6 მეორე ადგილი რომ მოვიტანე, ეს იყო ვითომ დარღვევა? ან 5 ბავშვი საქართველოს ნაკრებში რომ ყავს ამ სკოლას, იქნებ ესაა დარღვევა?“.

როგორც ბირკაიასთან საუბრისას გაირკვა, დაპირისპირება მის მერე დაიწყო, როცა ნიჩბოსნობის ფედერაციის მიერ ფოთში გამართულ ღონისძიებაზე ცხვიტარიამ საყვედური გამოთქვა – უნდა დაგერეკაო და ასე მე შენთან ვერ ვიმუშავებო. ბირკაიას მტკიცებით გაერთიანებას ორჯერ გაუგზავნა ღონისძიების შესახებ წერილი.

ფრიდონ ბირკაია მის გათავისუფლებას პოლიტიკურს უწოდებს და ამბობს:

„ქალაქის მერმა შეხვედრისას მითხრა, აბსურდული რამ, თურმე მე ვყოფილვარ ნაციონალური პარტიის წევრი. არადა არასდროს ვყოფილვარ ნაციონალი. ასეთი მიდგომა რას ნიშნავს. მაშინ რა განსხვავებაა ამათსა და ნაციონალებს შორის, ისინიც ჩვენებად და სხვისებად ყოფდნენ ქართველებს”.

მიუხედავად გათავისუფლებისა ბირკაია ისევ აგრძელებს უხელფასოდ მწვრთნელად მუშაობას:

„მე ხელფასი არ მაქვს და ისე ვავარჯიშებ ბავშვებს, ვერ მივატოვებ მათ შუა გზაში. წინ საერთაშორისო შეჯიბრებებია, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისათვის ემზადებიან, თუ არ ვავარჯიშე, ჩათვალეთ, ყველა შრომა წყალში ჩაგვეყრება“.

ბირკაიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით msnews.ge-სთან მისმა კოლეგებმაც ისაუბრეს, რომლებმაც არ ისურვეს ვინაობის დასახელება. მათი თქმით რთულ დროში სწორედ ბირკაიამ შეინახა აღნიშნული სკოლა და მისი დამსახურებაა რომ სკოლა დღემდე ფუნქციონირებს გამართულად. კოლეგების მტკიცებით ბირკაიას ეს ყველაფერი მოუწყვეს და დიდი ხანია მისი მოხსნა სურდათ.

სკოლისთვის წართმეული სანიჩბოსნო ბაზა

სანიჩბოსნო სკოლის ბაზა თავდაპირველად ქალაქის ცენტრში მდინარე რიონის აღმაშენებლის ხიდის მარცხენა სანაპიროზე (თავდადებულის ქუჩა) მდებარეობდა.აღნიშნული სკოლა 2000 წელს გაიყიდა და სპორტსმენები ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ ერთი რკინის კონტეინერის ამარა, სადაც დღესაც იმყოფებიან. 17 წელია სკოლას მატერიალური ბაზა ფაქტიურად არ გააჩნია. აღნიშნულ კონტეინერს იყენებენ როგორც გასახდელად ასევე ნავების სადგომად. სწორედ ასეთ რთულ პირობებში უწევთ წლების განმავლობაში მწვრთნელებსა და სპორტსმენებს ვარჯიში. მიუხედავად ამისა შედეგებს მაინც აღწევდნენ.

ამ წლების განმავლობაში არაერთი ხელისუფლება გამოიცვალა ქალაქმა, მაგრამ სკოლა დღესაც ამ პრობლემის წინაშე დგას. უფრო მეტიც, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, სანიჩბოსნო კომპლექსური სასპორტო სკოლისათვის ბაზის აშენების სურვილი ნიჩბოსნობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ფოთელმა ბიზნესმენმა ვახტანგ ალანიამ გამოთქვა, მაგრამ მის ამ ინიციატივას საკრებულოში წინააღმდეგობით შეხვდნენ.

მიწა, სადაც დღეს რკინის კონტეინერია განთავსებული ადგილობრივმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სკოლას არ გადასცა, რომელიც შემდეგ ბიზნესმენის სხვა დაინტერესებით ახსნეს. როგორც გავიგეთ ამ საკითხის გარჩევისას საკრებულოს ზოგიერთ წევრსა და სანიჩბოსნო სკოლის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც კი მომხდარა, უფრო მეტიც საქმე

ხელჩართულ ბრძოლამდეც მისულა. რამდენიმე დღეშივე ისევ საკრებულოს სხვა დანარჩენი წევრების ჩარევის შედეგად სიტუაცია განელებულა. სამაგიეროდ, ქალაქს ამ დაპირისპირებით ინვესტორი დაუკარგავს. საქმე იმაში გახლავთ, რომ სადაც ალანია აპირებდა ბაზის მშენებლობის დაწყებას და ამისთვის ითხოვდა მიწის გადმოცემას, იქვე გვერდით ყაზახი ინვესტორი გეგმავდა სასტუმროს მშენებლობას, მაგრამ ბაზის მშენებლობაზე უარის თქმის გამო უცხოელმაც უარი განაცხადა და როგორც მაშინ ჩვენთვის გახდა ცნობილი ინვესტიციები ქუთაისში დააბანდა.