ხუთ. ნოე 21st, 2024

კონკურენციის სააგენტომ ნავსადგურის საქმის შესწავლა 21 ივნისს რამდენიმე კომპანიის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

მომჩივან კომპანიებს შორის არიან შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია – ფოთი“, შპს „კავტრექსფოთი“, შპს „ექსპრეს ტრანს-შიფმენტ სევისეზ“, შპს „კავტრექსტერმინალი“, შპს „კაისა-2“, შპს „ალმარ-სერვისი“, შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“, შპს „აისბერგ ფოთი“, შპს „არაგვი“, შპს „ესპერანსი“, შპს „ლოჯისტექსი“, შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“, შპს „ამერიქენ მონოლითი“ და სს „ფოთი მაცივარი“.

საქმის მოკვლევა სააგენტომ დაიწყო სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე.

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს ფოთში არსებულ 16 გადამზიდავ კომპანიაში დასაქმებულებმა პორტის მოსალოდნელი მონოპოლიური საქმიანობა გამაფრთხილებელი აქციით გააპროტესტეს. პორტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 1 ივლისიდან ფოთში შემოსული ყველა კონტეინერი შევა და გაიცემა მხოლოდ „,ICT”-ის სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალიდან, რომელიც სპეციალურად ამ მომსახურებისთვის შექმნა პორტმა. პორტის ამ გადაწყვეტილებით ფოთში არსებულ 16 გადამზიდავ საკონტეინერო ტერმინალებს უფუნქციოდ დარჩენა, ხოლო 4000-ზე მეტ დასაქმებულს სამუშაო ადგილების დაკარგვა ემუქრებათ.