ფოთში ,,სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა“ ფუნქციონირება დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს მარტოხელა, მარტოდ მცხოვრები,
საწოლს მიჯაჭვული ავადმყოფების ბინაზე მოვლას, როგორც სამედიცინო, ასევე სოციალური კუთხით. პირველი ეტაპისათვის ცენტრს მოემსახურება ორი ექიმი და 11 მედდა, რომლებიც სპეციალურად ამ პროგრამისათვის გადამზადნენ. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, კერძოდ, საკვებისა და მედიკამენტის მიღებას, დაბანას, ჩაცმას, ტუალეტს, წნევის კონტროლს, ასევე ყოველდღიური ინსტრუმენტალურ აქტივობებს.
პროექტის ავტორის, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაია ჩხარტიშვილის თქმით დაუძლურებული და ლოგინს მიჯაჭვული ადამიანების რაოდენობამ ცენტრის გახსნის საჭიროება მოითხოვა.
ცენტრის დირექტორის ეკა ტუღუშის თქმით ,,ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია ქალაქის ოთხივე მუნიციპალიტეტებმა მოგვაწოდა, რომელიც ძალიან ბევრი იყო. პირველი ეტაპისათვის შევარჩიეთ 25 ბენეფიციარი, თითო ექთანს 5-6 ბენეფიციარი ყავს. მიმაჩნია, რომ ამ პროექტით კეთილი საქმე კეთდება“.
ტუღუშის თქმით ბევრი ლოგინს მიჯაჭვული მოხუცისათვის ეს პროგრამა იმედის ნაპერწკალია, ვისაც ფეხზე დგომა შეუძლია ფანჯარასთან მჯდომნი ექთნის მოლოდინში არიან.
პროექტის ხელმძღვანელების განმარტებით მეორე ეტაპისათვის ფასიან მომსახურებასაც გახსნიან, რადგან ამ მომსახურეობაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა.