დღეს ფოთის საკრებულოს სხდომა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი შამუგიამ
საჯარო განცხადების გაკეთება ითხოვა. შამუგიამ საკრებულოს თავმჯდომარესა და წევრებს მოთხოვა პასუხი გაეცათ დარბაზში მყოფი აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებში სარემონტო სამუშაოების დროს დაზარალებული მობინადრეების პრეტენზიებზე. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ არ ისურვა დარბაზში პასუხის გაცემა და მათ კაბინეტში შესთავაზა შეხვედრის გაგრძელება.
შეხვედრაც შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების თანდასწრებით გაგრძელდა უკვე საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში. დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას, ხელახლა გადახურვასა და რემონტს ითხოვენ. მათი თქმით სარემონტო სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული, რამაც მათ მიაყენა ზიანი. მათი განმარტებით 4 წელია როგორც გარეთ ისე წვიმს შიგნითაც, ყველაფერი გაუფუჭდათ. მათი მტკიცებით იქ ცხოვრება შეუძლებელია.„4 წელია აყროლებულ ოთახებში ვცხოვრობთ, ასე რომ დაგვაქციეთ პასუხი ხომ უნდა გაგვცეთ, ყურადღებასაც კი არ გვაქცევთ, ასე ცხოვრება შეუძლებელია, ბავშვები გახიზნულები გვყავს”- ასე მიმართავდნენ ხელისუფლების წარნომადგენლებს დაზარალებულები. ამის დასადასტურებლად ერთ-ერთმა მობინადრემ გიორგი თოფურიამ კედელზე ამოსული სოკოები წარმოადგინა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. მშენებლობის სამსახურის უფროსმა ზურაბ ყურუამ კი მოსახლეობა პირიქით სარემონტო სამუშაოების ხელისშეშლაში დაადანაშაულა. დაზარალებულების თქმით კი სანამ ზარალის ანაზღაურების გარანტია არ ექნებათ მანამ არ მისცემენ სარემონტო სამუშაოების გაგრძელების საშუალებას.