დღეს ფოთელ წარმატებულ მორაგბეებს ზურაბ ჟვანიასა და დიმიტრი ბასილაიას, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია შეხვდა. ორივე მათგანი ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილები გახლავთ
და წლებია სარაგბო კარიერას საფრანგეთში აგრძელებენ. ბასილაია „პერპიანში“ გამოდის, ხოლო ჟვანია საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური-პირველი დივიზიონის გუნდის „სტად ფრანსეს“ წევრი გახლავთ .
შეხვედრისას ქალაქის მერმა და მორაგბეებმა, ფოთში რაგბის სამომავლო განვითარებაზე იმსჯელეს. რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა რამდენიმე თვეა რაც დასრულდა, რომელიც შესანიშნავი საჩუქარია როგორც ქალაქის, ისე ფოთელი რაგბის მოყვარულთათვისაც.
შეგახსენებთ, რომ ფოთში 2012 წელს “ქართუ ჯგუფის” ფინანსური მხარდაჭერით რაგბის სტადიონის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ასოციაცია “ატუ” ახორციელებდა. მშენებლობის ძირითადი ნაწილი შესრულებულია, პროექტის ფარგლებში აშენდა ბუნებრივი და ხელოვნურ საფარიანი სტადიონები, რომელიც ჯამში სამი ათას მაყურებელზეა გათვლილი. კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, სამუშაოებში 4 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ქალაქში უკვე წლებია წარმატებით ფუნქციონირებს რაგბის სკოლა, სადაც უამრავი წარმატებული რაგბისტი აღიზარდა. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა ცნობილ და პოპულარულ კლუბებში თუ გუნდებში განაგრძობენ საქმიანობას. ამჯერად სკოლაში 6 ასაკობრივ ჯგუფში 165 სპორტსმენი უფასოდ ეუფლება სპორტის ამ პოპულარულ სახეობას. რაგბის სკოლა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 92.000 ლარით ფინანსდება. აღნიშნული სტადიონისა და იქ შექმნილი პირობების არსებობაც ხელს შეუწყობს მომავალში წარმატებული თაობები აღიზარდონ.