ფოთელებმა მეშვიდე კილომეტრზე მდინარე რიონზე არსებული ხიდის შესაძლო დანგრევაზე საუბარი აქტიურად მას შემდეგ დაიწყეს, რაც თბილისში სტიქიური უბედურება მოხდა.
ისინი შიშობენ, რომ თუ საქართველოს მთავრობის მხრიდან დროული რეაგირება არ მოხდა, მსგავსი ტრაგედია ფოთშიც შესაძლოა დატრიალდეს. რეაბილიტაციის მოთხოვნით სტუდენტებმა პეტიციაზე ინტერნეტ ხელმოწერების შეგროვებაც კი დაიწყეს. სტუდენტების ამ წამოწყებამ საზოგადოების ფართო წრეებიიც გააქტიურა.
ხიდის შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით ფოთელი მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრაც მერიის სააქტო დარბაზში უკვე გაიმართა კიდეც. ფოთის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძი, რომელიც დამატებით ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, 50 წლის წინ აშენდა. სპეციალისტებიც წლებია მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ, ნაპირდამცავ ნაგებობათა სამმართველოს ყოფილი უფროსის, ვახტანგ ლოლუას ინფორმაციით, ბოლოს კვლევა ჰიდროკვანძს 2009-2010 წლებში ჩაუტარდა. ლოლუასავე განმარტებით, თუ რეაბილიტაცია დროულად არ დაიწყება, შესაძლოა, ფოთი და მისი მიმდებარე სოფლები დაიტბოროს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 30 მოტორიდან ამჟამად არ მუშაობს დაახლოებით 24 ძრავა.
ფოთის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მათ უკვე დაწყებული აქვთ და იმედოვნებენ, რომ საკითხი მალე დარეგულირდება.