შაბ. დეკ 7th, 2024

ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იმ პედაგოგების გაცილება გაიმართა, რომლებმაც ამ სასწავლო წელს დაასრულეს პედაგოგიური საქმიანობა.

ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ ექვს პედაგოგს – ნათელა ჯანიაშვილს, ნანა ცანავას, ლია მხეიძეს, დარეჯან ყურაშვილს, ლუიზა თედელურსა და ნაზი ახვლედიანს მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისა და მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისათვის მადლობა გადაუხადა, ხოლო საჯარო სკოლების ადმინისტრაციამ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

გოჩა ქორქიამ როგორც აღნიშნა: „ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლასა და აღზრდაში გაწეული ამაგისთვის საზოგადოების მადლიერებასა და დაუღალავი შრომისთვის ღირსეულ შეფასებას იმსახურებენ.”

ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს გოჩა ქორქიას და იქ დამსწრეებს დაფასებისთვის და მათი შრომის დანახვისთვის. მათ აგრეთვე გაიხსენეს, როგორ დაიწყეს სკოლაში მოღვაწეობა, გაიხსენეს სკოლაში გატარებული თითოეული დღე რაოდენ ძვირფასია მათთვის და როგორ უძნელდებათ მოსწავლეებთან და სკოლის კედლებთან განშორება. მომავალ თაობასაც მისცეს რჩევები – მოუწოდეს, იყვნენ პროფესიონალები თავიანთ საქმეში, ობიექტურები და სამართლიანები. მათ ეამაყებათ თავიანთი მოსწავლეები, რომლებმაც ცხოვრებაში მიაღწიეს დიდ წარმატებებს.