26 დეკემბერს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 22-ე რიგგარეშე მოწვევის სხდომა გამართა. დღის წესრიგში 9 საკითხი გახლდათ განსახილველი.
პირველი საკითხი 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება გახლდათ.მთლიანობაში ადგილობრივი ბიუჯეტი 15 011 000 (თხუთმეტი მილიონ თერთმეტი ათასი) ლარით განისაზღვრა. წინა წელთან შედარებით წლევანდელი ბიუჯეტი გარკვეულწილად გაიზარდა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ როგორც აღნიშნა: “2015 წლის ქალაქის ბიუჯეტი წინა წლის ბიუჯეტის მსგავსად ორიენტირებულია სოციალურ პროგრამებზე. გარდა ამის მომავალი წლის ბიუჯეტში ასახულია ინფრასტრუქტურული პროექტები,რომელიც აუცილებელია ქალაქის ნორმალური განვითარებისათვის.ინფრასტრუქტურას მიემატა საშტატო ერთეულების შემცირების შედეგად გამონთავისუფლებული თანხები. მეც ვთვლი,რომ ინფრასტრუქტურა უფრო პრიორიტეტულია იმიტომ, რომ მერია არის ქალაქის მეპატრონე.
რასაკვირველია, მოსახლეობის სოციალურ საკითხზეც უნდა იზრუნოს, მაგრამ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გამომდინარეობს იმ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, რომელსაც განახორციელებს მერია. მერიაა ქალაქი და საქალაქო მეურნეობა მოსახლეობიდან ცალკე აღებული არ არსებობს. შესაბამისად,ის, რაც კეთდება ქალაქში, არის აბსოლუტურად გათვლილი მოსახლეობისთვის.
ამიტომაც ვთვლი, რომ ინფრასტრუქტურა უნდა იყოს პირველი რიგითობის იმ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებთან ერთად, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ მომავალ წელს. რაც შეეხება ბაღებს, გასულ წელს 1 000 800 (მილიონ რვაასი ლარი) იყო გამოყოფლი ბიუჯეტიდან, წელს გავზარდეთ 200 000-ით და 2 000 000-ია გამოყოფილი.
გაზრდა გამოიწვია მთავრობის დადგენილებამ, რომ მშობლებიდან არ მომხდარიყო თანხის აკრეფა, ანუ უფასო ყოფილიყო კვება, აგრეთვე ვიზრუნეთ აღმზდელების სოციალურ მდგომარეობაზე და სახელფასო ფონდის გაზრდა გადავწყვიტეთ. ზედა რგოლს ქონდა გაზრდილი ხელფასები და ასე ვთქვათ, ქვედა რგოლი იყო დარჩენილი და 2015 წლის ბიუჯეტით მათაც უნდა გაეზარდოთ ხელფასები”.
2015 წლის ბიუჯეტის არ ეთანხმება საკრებულოს ნაციონალი წევრი ირაკლი დუნდუა. როგორც მან განაცხადა: „ხელისუფლებამ უხვად გასცა დაპირებები. ბევრ სიკეთეს პირდებოდა ფოთის მოსახლეობას. დღეს ვხედავთ, რომ სოციალური პაკეტიდან ამოღებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება. არ არის პრიორიტეტების მიხედვით, კონკრეტულად გაწერილი და დაგეგმარებული ბიუჯეტი.შესაბამისად, ინფრასტრუქტურული კუთხითაც ვერ ვხედავთ ქალაქის განვითარებას. ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდა ქალაქი დღეს, სამწუხაროდ.
საკრებულოს წევრებმა არ გაითვალისწინეს ის დაპირებები, რაც გასცეს წინა საარჩევნოდ.არ ვეთანხმები 2015 წლის ბიუჯეტს”.საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიას თქმით: „2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება იყო ძალიან მნიშვნელოვანი.ბიუჯეტი განისაზღვრა 15011000 (თხუთმეტი მილიონ თერთმეტი ათასი)ლარით. საკრებულოს 14 წევრებიდან 12 დაეთანხმა 2015 წლის ბიუჯეტს.ორი წინააღმდეგი გახლდათ. ჩემთვის გაურკვეველია,რატომ იყვნენ ისინი წინააღმდეგნი, რადგან 10 დეკემბრის შემდეგ ერთობლივად განვიხილავდით საკითხებს და მათ არანაირი შენიშვნა არ ქონიათ.იმაზე საუბარიც არ ყოფილა,რატომ ამოვიღეთ ესა თუ ის საკითხი.ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული, რათა ხელი შეუშალონ მიმდინარე პროცესებს,საკრებულოს მუშაობას და ქალაქის განვითარებას”.