შაბ. ნოე 23rd, 2024

ახალი წელი ყველაზე ლამაზი, ნაირფერი და გემრიელი საერო დღესასწაულია და მას მთელ მსოფლიოში გამორჩეულად განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ყველაზე გამოუსწორებელ პესიმისტსაც კი გულის სიღმეში სჯერა, რომ ახალი წელი სურვილების, ოცნებების ახდენის დღესასწაულია და ელოდება ამ ჯადოსნურ ღამეს. ახალ წელს ყველა ოჯახში მოიპრანჭებიან ახალი წლის დედოფლები – ნაძვის ხეები და გააჩირაღდნებენ არე-მარეს. ამ დღესასწაულისთვის ემზადებიან ფოთის მერიაშიც. როგორც კულტურის სამსახურში განგვიმარტეს, 2015 წელს ფოთი დიდი მრავალფეროვნებით შეხვდება.

31 დეკემბერს გაიმართება გრანდიოზული საახალწლო კონცერტი ნიაზ დიასამიძისა და 33 ა-ს შესრულებით. კულტურის სამსახურის უფროსმა დავით შეროზიამ გვითხრა, რომ: „ ფოთს ძალიან სასიამოვნო და ლამაზი ახალი წლის დღეები ელოდება წინ. ფოთში ჩამოვა ისეთი შესანიშნავი მომღერალი, როგორიცაა ნიაზ დიასამიძე. იგი განახლებული რეპერტუარით წარსდგება კონცერტზე.

ეთნო მუსიკასთან ერთად ის შემოგვთავაზებს ელექტროსაც. ეს მუსიკალური ნაზავი მას სულ ერთხელ აქვს შესრულებული და ჩვენ გვაქვს პატივი, კონცერტის სახით შემოგვთავაზოს მისი ახალი ნამუშევარი. საახალწლო კონცერტს დახურავს დიჯეი გაბი. მთელი კვირის განმავლობაში ღია ცის ქვეშ მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები. შობას ჩატარდება თეატრში სპექტაკლი, 13-ში ღია ცის ქვეშ მაყურებელს შევთავაზებთ მიუზიკლს, უამრავ საბავშვო სპექტაკლებს.

ახალი წლის კონცერტს კი დაასრულებს გრანდიოზული 4 წუთიანი ფეიერვერკი, რომელიც მოქალაქეებს მიულოცავს ახალი წლის დაწყებას”. ასე რომ, ჩვენს თანაქალაქელებსა და სტუმრებს ძალიან ლამაზი სადღესასწაულო დღეები ელოდებათ წინ.