2014 წლის 8 ნოემბერს აშშ–ს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან–ფრანცისკოში კრივში მსოფლიო ჩემპიონობისთვის სარეიტინგო ბრძოლა გაიმართა. ბრძოლაში ფოთელი მოკრივე ლევან ღვამიჩავა (64 კგ წონითი კატეგორია) მონაწილეობდა.
მან ძალიან მძიმე ორთაბრძოლაში დაამარცხა მექსიკელი ჯონოთან გარსია, რომელსაც ჩატარებული აქვს 15 ბრძოლა და არც ერთი წაგება. ლევანს კი 15 ბრძოლიდან 13 მოგება, ერთი წაგება და ერთიც ფრე აქვს.
ახალგაზრდა ფოთელი მოკრივე საქართველოშიც გამოირჩეოდა დიდი წარმატებებით. ის საქართველოს ნაკრების წევრი გახლავთ წლების განმავლობაში, რამდენჯერმე გახდა საქართველოს ჩემპიონი. არის ევროპის მედალოსანი და მსოფლიო კლასის მოკრივე.
მისი მასწავლებელი და მწვრთნელი გახლავთ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ამჟამად ირლანდიის ნაკრების უფროსი მწვრთნელი ზაურ ანთია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ლევანის, როგორც პროფესიონალი სპორტსმენის, ჩამოყალიბებაში. ანთიას დახმარებით შეძლო ღვამიჩავამ ჯერ ირლანდიაში, შემდეგ კი ამერიკაში თავისი ძალებისა და შესაძლებლობების ჩვენება.
ლევანის მენეჯერი გახლავთ ირლანდიელი გარი ჰაიდი, ამერიკაში კი მას ავარჯიშებენ გამოცდილი ამერიკელი მწვრთნელები, რომლებიც ლევანს დიდ შედეგებს და წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ.
მარი ჯავახია