ფოთში ხელბურთელებმა ახალი სეზონი სახელბურთო კლუბ “ოქროს ვერძის” წარდგენითა და ხელბურთელებისთვის კონტრაქტების გაფორმების ცერემონიალით დაიწყეს.
ფოთელმა ხელბურთელებმა გასული წელი საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში წარმატებით იასპარეზეს, ახალ სეზონიდან კი ვაჟთა გუნდი საქართველოს თასის გათამაშებასა და ეროვნულ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. მწვრთნელები და სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წელიც არანაკლებ წარმატებული იქნება.
აღნიშნულ გუნდში ჯერჯერობით კონტრაქტი 13 ხელბურთელთან გაფორმდა, მაგრამ შესაძლოა მათი რიცხვი გაიზარდოს. გუნდში 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდის რამდენიმე ლიდერი და ის ხელბურთელები არიან რომლებიც სხვა ქალაქების გუნდებში თამაშობდნენ. ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც ქალაქში მოზრდილთა გუნდის არარსებობის გამო ხელბურთისთვის თავი ჰქონდა დანებებული.
ესენი გახლავთ: მეკარეები – გიორგი ჭანტურია და ლაშა სიორდია, მოთამაშეები – ომიკო ალანია, კახაბერ დაგარგულია, ალექსანდრე ხუნჯუა, ლავრენტი ფანცულაია, ნიკოლოზ ბაჯალაძე, ლუკა სილაგაძე, თენგიზ ბერაია, გიორგი მიქაძე, გიორგი ბიბილეიშვილი, გელა ჟვანია და თორნიკე ნემსაია. მთავარი მწვრთნელი გახლავთ თემურ ჭანტურია, ფიზმომზადების მწვრთნელი – ზურაბ ჩაკვეტაძე, კლუბის დირექტორია დარეჯან გეფერიძე.
“ოქროს ვერძი” ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, პირველი ეროვნული ჩემპიონატების დროს შეიქმნა. კონტრაქტების გაფორმების ცერემონიალს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქალაქის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლები.