2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საინტერესოა, ფოთის მერობის კანდიდატებს რამდენად კარგად ესმის თვითმმართველობის ფუნქციები და როლი ადგილობრივ მმართველობაში; რას ნიშნავს თვითმმართველობა და რა კრიტერიუმით განისაზღვრება; კანონით რისი უფლება აქვთ მოქალაქეებს.
როგორც კანონით არის განსაზღვრული, ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატების აზრი, – რამდენად იცნობენ თვითმმართველობის ფუნქციებს, რას მოიმოქმედებენ მათ შესასრულებლად.
პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე თვლის, რომ თვითმმართველობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა: „2020 წლიდან საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ვასრულებ და, შესაბამისად, ზუსტად ვიცი თვითმმართველობის ფუნქცია რაცაა.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და ყოფის გაუმჯობესებაზე. ამიტომაც საჭიროა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში, ყურადღება დაეთმოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას, გაუმჯობესდეს სერვისები და ეფექტიანად გადაიჭრას მოსახლეობის პრობლემები, რათა თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის შემცირდეს დისტანცია, გაჩნდეს ნდობა და განვითარდეს თანამშრომლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება ამ გზითაა შესაძლებელი“
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა დასახელებულ კანდიდატებს შორის ყველაზე გამოცდილია, იმ თვალსაზრისით, რომ ორი წლის ვადით იყო თბილისის მერი, – პირველად 2005 წელს გახდა და როგორც თვითონ ამბობს, – გაპარტახებული ქალაქი ჩაიბარა; სწორედ 2005 წლის თბილისს აგონებს ფოთი და ამიტომ გადაწყვიტა, ფოთის მერობისთვის ებრძოლა.
„დადგება დრო, საქართველოში თვითმმართველობებს დიდი როლი მიენიჭებათ. პრეზიდენტს არ აირჩევენ საქართველოს მოქალაქეები, აირჩევს პარლამენტი, არ აირჩევა მაჟორიტარები და ცენტრალური მთავრობა პარლამენტის მიერ იქნება არჩეული.
შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლეგიტიმაციის დიდი ნაწილი თვითმმართველობებსა და მერებზე გადავა.
არ ვგულისხმობ მარტო 9 წელს. საუბარი მაქვს პირველი თვითმმართველობის არჩევაზე. ვინც არის ცენტრში, არის რეგიონში. ამიტომ თვითმმართველობა ფოთისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ქალაქი, რომელიც ფიგურალურად დაემსგავსა ფულის „საქაჩს“, ანუ ამ ქალაქში ფულს აკეთებენ და აქ არ ხარჯავენ. სახელმწიფო არ ხარჯავს ფოთში ფულს, აქედან მიაქვს და რასაც აბრუნებს, ცოტაა.
თვითმმართველობა, როგორც გითხარით, ადგილზე არის ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება. შესაბამისად, ასე თუ გაგრძელდა, ვერც ერთი თვითმმართველი ქალაქი ბიუჯეტის გაზრდას ვერ შეძლებს. მერად უნდა აირჩეს ისეთი ადამიანი, რომელიც საქმის გამკეთებელი იქნება და რეალურად ქალაქს მოუტანს სარგებელს, და არა როგორც მათ ეს წარმოუდგენია. ეს ხდება ბრძოლით. როდესაც ვსაუბრობთ ფოთის თვითმმართველობაზე, რა უნდა მოუტანოს ფოთს თვითმმართველობამ, ბიუჯეტის სამართლიანი გადანაწილება, ზრდა და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშეწყობა, მოსახლეობის კლების შეჩერება და პირიქით მოსახლეობის ზრდა“, – გვესაუბრა უგულავა.
მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრა გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ ფოთის მერობის კანდიდატმა გიორგი აბსარიძემ. მისი თქმით, ფოთს სჭირდება კარგად გამართული საბაზისო ინფრასტრუქტურა.
„აღვნიშნავ, რომ 14 წელი ვმუშაობდი კერძო საბანკო სტრუქტურაში, მაგრამ მქონდა ურთიერთობა შესაბამის სამსახურებთან საბანკო მომსახურების კუთხით საჯარო სტრუქტურებთან. კარგად ვიცი და მაქვს გააზრებული ის გამოწვევები, რაც უნდა გაკეთდეს ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში; ასევე ის გუნდი, რომელიც დავაკომპლექტეთ ჩვენს სამაჟორიტარო ოლქებში არის ახალი სახე. მანამდე ისინი პოლიტიკაში არ ყოფილან, მაგრამ კარგად იციან ფოთის პრობლემები.
მთავარი პრობლემა, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, არის საბაზისო ინფრასტრუქტურის არარსებობა, რაც, წლებია, ფოთს აწუხებს. როდესაც ქალაქის განვითარებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მოწყობილი უნდა იყოს საბაზისო ინფრასტრუქტურა. ასევე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, რომელიც ნებისმიერი ფოთელის გულისტკივილია, რომ ქალაქი დატბორვისგან ვიხსნათ. ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისით, ფოთში არსებულ საწარმოებს დაეკისრებათ გარემოსდაცვითი ვალდებულებები და დაწესდება მკაცრი მონიტორინგი. საკანალიზაციო სისტემის მოწყობა პრიორიტერულია, რადგან დატბორილია სარდაფები და ეს ერთ-ერთი პრობლემაა ჩვენი მოსახლეობისათვის. ფოთმა უნდა გამოიყენოს ტურისტული ინფრასტრუქტურა, მალთაყვის სანაპირო ზოლზე გვაქვს უნიკალური ქვიშის პლაჟი და ამ მიმართულებით ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რაც შეიძლება მეტი ინვესტორი მოვიძიოთ, ყველაფერი ეს დაკავშირებულია იმ საბაზისო ინფრასტრუქტურასთან, რომელიც ფოთს არ აქვს და ქალაქის განვითარებას ხელს უშლის“, – გვითხრა აბსარიძემ.
„მთავარი თემა სამეგრელოში“ დაინტერესდა, რამდენად იცნობს მოსახლეობა თვითმართველობის ფუნქციებს და რამდენად არიან ჩართულები ადგილობრივ მმართველობაში, რაც გულისხმობს, მაგალითად, ბიუჯეტის განხილვის დროს დასწრებას, ესწრებიან თუ არა საკრებულოს სხდომებს, რაც მათი კანონით განსაზღვრული უფლებაა. რა მოთხოვნები აქვთ მათ მერობის კანდიდატებთან.
ჩვენი ერთ – ერთი რესპონდენტი სალომე ფაღავა სტუდენტი გახლავთ, მისი გულისტკივილია, რომ ფოთში არ არის ისეთი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მისთვის საინტერესო პროფესიას დაეუფლება: „წელს სტუდენტი გავხდი და ძალიან გახარებული ვარ, ჩემთვის საინტერესო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მიხარია, რომ სტუდენტობის გატარება დედაქალაქში მომიწევს. თუმცა, ცუდია, რომ ჩვენს ქალაქს არ აქვს უმაღლესი სასწავლებლის ფილიალი, სადაც ადგილობრივი და სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული ახალგაზრდები ისწავლიან, უფრო ახალგაზრდული და ფერადი გახდება ფოთი. ჩემი სურვილია, ქალაქში დაბრუნდეს უნივერსიტეტები“.
მანონი ქობალია: „ფოთში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. თითქოს რამდენიმე ქუჩაზე მოწესრიგდა ასფალტის საფარი. განა საკმარისია, – რამდენი ქუჩაა მოუწესრიგებელი, გადათხრილია გზები. კანალიზაციის პრობლემაც მოუგვარებელია, წლებია, და როდის დასრულდება, ვინ იცის“.
„თქვენგან გავიგე პირველად, რომ შესაძლებელია დავესწო საკრებულოს სხდომებს ან ბიუჯეტის განხილვას. თუმცა, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მოსაზრებები და საჭიროებები გაითვალისწინონ. ისედაც ხომ კარგად იციან, რაც გვესაჭიროება და რა მოთხოვნებიც გვაქვს“, – გვითხრა ჟორა აფხაზავამ.
როგორც ჩანს, მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია, რა როლი ეკისრება მათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში, გარდა იმისა, რომ არჩევნების დროს უწევთ საკუთარი აზრის დაფიქსირება.
თეკლე მატკავა, ფოთი
სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება–საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.