ორშ. დეკ 9th, 2024

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ტემპერატურაც და პარტიეთბის ურთიერთბრალდებებიც მატულობს. ამ მხრივ პარტიები ერთმანეთს ტოლს არ უდებენ.

რა მდგომარეობაა რეგიონებში ამ მხრივ? პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო გარემო შევაფასებინეთ.

ახალშექმნილი პარტია „საქართველოსთვის“ სენაკის მერობის კანდიდატის გიორგი სიჭინავას თქმით, საარჩევნო გარემო არასამართლიანია, კერძოდ: „ახალგაზრდებზე, რომლებმაც პარტიაში გასაწევრიანებლად მოგვმართეს, ზეწოლა განხორციელდა და ადგილი ჰქონდა დაშინების ფაქტებს. ამიტომ ბევრმა კანდიდატმა რეგისტრაცია გააუქმა. ვიცით, ვინ დგას ამის უკან და რატომ თქვეს უარი. ვერა და ვერ აღმოიფხვრა მავნე ჩვევა, რომ სამთავრობო პარტია ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. სხვაგვარად, წარმოუდგენელია, ადამიანმა, რომელიც შენთან ერთად შრომობს, უეცრად მიიღოს წასვლის გადაწყვეტილება. ყველა ფაქტი შევისწავლეთ – ვისგან მოდიოდა ეს მესიჯები. დადგება დრო და დეტალურად ვისაუბრებთ, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ“.  

პარტია „ლელოს“ ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაია ჩხარტიშვილმა არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა და ეს პროცესი სამ ნაწილად წარმოადგინა: „ქართული ოცნება გავეშებული, გაასმაგებულად ცდილობს გაყალბებას. არჩევნების გაყალბება სამ ნაწილად უნდა გავყოთ. პირველი – ეს არის არჩევნების დღემდე დაწყებული გაყალბება, ანუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ასევე ძალოვანი და ფინანსური რესურსი – დაშინება, დაშანტაჯება, მოსყიდვა, ეს არის გაყალბების ყველაზე სერიოზული ნაწილი. „ქართულ ოცნებას“ აქვს სამაგიდო სიები, ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეულ ადამიანს, ვისზე რა ზემოქმედება მოახდინონ. ამის უფლება არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს. ზუსტად ვიცი, რომ „ლელოს“ ფოთის გუნდი მსგავს ქმედებას არასოდეს გააკეთებს. მეორე – ეს არის არჩევნების დღე და მესამე – არჩევნების შემდეგ“.

გაყალბების სქემის ასეთნაირად გაშიფრვის შემდეგ დავინტერესდით, შეეძლო თუ არა კონკრეტული ფაქტის მოყვანა, მაგრამ მან პირდაპირი პასუხის ნაცვლად, გვიპასუხს: „მსგავსი კითხვა დამისვა 2017 წელს NDI-ის წარმომადგენელმა, როდესაც მერად ვიყრიდი კენჭს. მაშინაც ასეთი პასუხი გავეცი, – იმიტომაც სჩადიან მსგავს ქმედებებს, რომ მძიმე ეკონომიკური პირობებისა და უმუშევრობის ფონზე, დარწმუნებულნი არინ, რომ შანტაჟზე ხმას არავინ ამოიღებს. დღეს მსგავსი საქციელის ჩადენას „გმირობა“ ჰქვია. მოსახლეობა როდესაც არჩევნებზე მიდის, არჩევანს აკეთებს არა იმაზე, ვინ არის კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, მებრძოლი და ვინ არის ქალაქსა და ქვეყანაზე შეყვარებული, არამედ იმით, ვინ ვისი ახლობელია. ასეთი მიდგომა თუ არ შეიცვალა, არც ქვეყანასა და არც ქალაქს არაფერი ეშველება“.     

გახარიას პარტიის ფოთის მერობის კანდიდატი გიორგი აბსარიძე ამბობს: „ჩვენ ვართ პარტია „საქართველოსთვის“ და არავის წინააღმდეგ. ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, გვაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან და ვისმენთ მათ საჭიროებებს, რათა გამარჯვების შემთხვევაში არსებული პრობლემები მოვაგვაროთ“.

აბსარიძემ თავიანთი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული  დაშინებებისა თუ დაშანტაჟების ფაქტები უარყო, მაგრამ მოგვიანებით ჩვენთან საუბრის შემდეგ, მან სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში საპირისპირო ამტკიცა: „ბოლო დღეების განმავლობაში აქტიური სახე მიიღო ფოთში პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის წევრებსა და მათ ახლობლებზე ზეწოლის ფაქტებმა. ჩვენს გუნდს ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა უპრეცედენტო წნეხის პირობებში უწევს. ადგილი აქვს მასიური დაშინების, გადაბირების, მოსყიდვის მცდელობებს. მეტიც, კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ, მე და ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატებს სოლიდურ თანხებს გვთავაზობენ. ეს არის სამარცხვინო, საგანგაშო და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესისთვის დამაზიანებელი“. – წერს აბსარიძე.   

იმავე პარტიის წალენჯიხის  მაჟორიტარობის აწ უკვე ყოფილმა კანდიდატმა ლალი შამუგიამაც სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა თავის სავარაუდო ამომრჩეველს: „მაპატიეთ, რომ იმედები გაგიცრუეთ – მაპატიეთ, რომ არ მეყო ძალა, მედგრად დავხვედროდი ჩემზე მომართულ ქარიშხალს“.

საარჩევნოდ არსებულ დარღვევებზე მმართველი პარტიაც ალაპარაკდა. მაგალითად, ფოთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ბექა ვაჭარაძის პლაკატები დააზიანეს: „მსგავსი ქმედებები ხელს უშლის საარჩევნო კამპანიის ჯანსაღად მიმდინარეობას; ამავე დროს, საარჩევნო კანონმდებლობით კანონდარღვევად ითვლება. მოვუწოდებთ ყველა ოპონენტს – დაიცვან საარჩევნო კამპანიის პერიოდში ჯანსაღი კონკურენციის პირობები“, – აცხადებენ „ქართული ოცნების“ შტაბში.

სამეგრელოს რეგიონში წინასაარჩევნო დარღვევევბი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშიც მოხვდა: „ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერებსა და „მხარდაჭერაში ეჭვმიტანილი“ პირების მიმართ, სამსახურიდან წასვლის მიზნით, ზეწოლა ან მათი გათავისუფლება ტენდენციად იქცა“, – ვკითხულობთ დასკვნაში. მაგალითად, ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის“ სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა ხვიჩა დოლბაია, რომელსაც, გახარიას თანამოაზრეებთან მეგობრული კავშირის ბრალდების გამო, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც ამაზე უარი განაცხადა, ხელშეკრულება შეუწყვიტეს. გათავისუფლების ბრძანებაში ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ ყოფილა. იგივე მოტივით გაათავისუფლეს სამსახურიდან მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში ქუჩების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის განყოფილების ყოფილი უფროსი მინდია ბარამია.

პოლიტიკური ნიშნით ასევე სამსახურიდან გაათავისუფლეს ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის“ თანამშრომელი კესარია წულაია. როგორც იგი განმარტავს, სამსახური სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ დაკავშირებული ვიდეო რგოლების გაზიარების გამო დაკარგა.

„სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგის დასკვნაში არა ერთ დარღვევაზე საუბრობს; მაგალითად, აბაშის მუნიციპალიტეტში გამოიყენეს ადმინისტრაციული რესურსი, ასევე წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა აბაშის ადგილობრივი ბიუჯეტი. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 4 აგვისტოს, არჩევნებამდე დარჩენილ 60 დღეზე ნაკლებ დროში, მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა 679.9 ათასი ლარით, რაც აკრძალულია საქართველოს საარჩევნო კოდექსით.

მონიტორინგში დარღვევად აისახა  „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას საქმიანობაც. საქმე იმაში გახლავთ, რომ იგი აგრძელებს მუნიციპალიტეტის პროექტების საჯარო წარდგენას, მათ შორის ახალკახათში ახალი სანიაღვრე არხის მოწყობის და ძველი სანიაღვრე არხების ამოწმენდის სამუშაოებს, ცაიშისა და ახალი აბასთუმნის ადმინისტრაციული ერთეულების საჯარო სკოლების ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედნების მშენებლობის დასრულებას.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციითვე, სენაკის საჯარო სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს მმართველი პარტიის ოფისებში იბარებენ და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას აიძულებენ; მათ შორის, არაპირდაპირი ზემოქმედების გზითაც. პარტიულ ოფისებში გამართულ შეხვედრებზე საჯარო სკოლის პედაგოგებს ავალებენ, მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიების შეგროვებაში ჩაერთონ.

ინგა გვასალია, ფოთი

სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ღია საზოგადოებასაქართველოს პოზიციასშესაბამისადფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.