2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ახალ ფაზაში გადაყავს. თუმცა, ამას არ შეუცვლია პოლიტიკოსების მიდგომა ერთმანეთის მიმართ. გასული წლების არჩევნებს თუ გადავხედავთ, წლევანდელი საარჩევნო გარემო მეტი აგრესიულობით გამოირჩევა, აგრესიულობის ერთ-ერთი უცვლელი გამოხატვაა პლაკატების ჩამოხევა, მისი საღებავით შეღებვა. პლაკატებისა და ბილბორდის დაზიანებას მდაბიო საქციელად აფასებს პოლიტიკურ არენაზე, მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად დაბრუნებული დავით სარსანია: ,,ასეთი ფაქტი პირველი არ არის, ადგილი ქონდა ბანერის დაზიანებასაც. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მივმართე სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ვაპირებ მივმართო სამართალდამცავ ორგანოებსაც”.
„პოლიტიკურად გაზრდის“ აუცილებლობაზე საუბრობს „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“-ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ფაჩულია: ,,აუცილებელია, ფოთის მუნიციპალიტეტის და პოლიციელების მჭიდრო თანამშრომლობა კონკრეტული პირების გამოსავლენად. ვინც იცის, დამეთანხმება, რამდენად ძნელია ამ პლაკატების გაკვრა. ამიტომ არავის არ აქვს უფლება, ჩამოხიოს ან გადააკრას თავისი პარტიის წარმომადგენლის პლაკატი. ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური კულტურის უქონლობა. საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ გავიზარდოთ და მერე შევიდეთ პარლამენტში“.
საარჩევნო გარემოს უარყოფითად აფასებს „ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი“-ფოთში, ხობსა და სენაკში, მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან მარტიაშვილი: ,,ელემენტარულად, პლაკატების ჩამოხევა ყველაზე დიდი მინუსია ქართველებისათვის. ადამიანი ვინც ამას ავალებს, არის ბოროტი. ეს ნიშნავს, რომ სხვას არ სცემ პატივს, ამ დონემდე გაბოროტებული ადამიანი ხელისუფლებაში რომ მოვა, რას იზამს? როდესაც თავად ვაკრავ, თუ ადგილი არ არის, ზემოთაც არასოდეს გავაკრავ. ანალოგიურად მოვუწოდებ ჩემი პარტიის წევრებსაც. გადასატან ყუთებთან დაკავშირებულ ლაფსუსებზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია: ,,ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს დარჩენილი, რომ არ გააყალბოს არჩევნები, იცის რომ დიდი სხვაობით აგებენ ჩვენთან. მთელ სამეგრელოში ვიგებთ და ფოთი გამონაკლისი რატომ უნდა იყოს? „ქართული ოცნება“ ყველას ყელში აქვს ამოსული. გადასატან ყუთებში ჯანმრთელი ადამიანი უწერიათ, რათა სახლშიც მიაცემინონ ხმა და საარჩევნო უბანშიც, მაგრამ არ გამოუვათ. ერთ უბანზე 27, 14, 15 ჯანმრთელი წევრი წერია. კოვიდთან დაკავშირებითაც ბევრი ლაფსუსია, რადგან თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები არსად არ ფიქსირდებიან. სადაც უნდა რეკავდნენ, სხვადასხვა ადგილას ამისამართებენ და საბოლოოდ ვერსად ვერ ფიქსირდება. ყველაზე თავგადაკრული ოცნების მომხრე დღეს ჩვენი მომხრეა და მსგავსი ბევრი მაგალითია”.
„ლელო – მამუკა ხაზარაძე“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მაია ჩხარტიშვილის განმარტებით კი, ,,ნამდვილად ვერ ვატყობ, რომ დემოკრატიული მიმართულებით მიდის საარჩევნო გარემო. იმიტომ, რომ ,,ქართული ოცნება” თანგანწირვით იბრძვის გადარჩენისათვის. საჯარო სამსახურში დაკავებული ადამიანები და ასევე კერძო სექტორში მომუშავეებიც სრულ ტერორში ყავთ, არ მახსოვს ვინმე კერო სექტორში მომუშავეს შეხებოდა, დღეს ესეც ხდება, ხალხს სამსახურის დაკარგვით აშინებენ. მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი სრულიად თავისუფალნი არიან საარჩევნო ყუთთან და შიშის გარეშე გადაწყვიტონ მათი და მათი შვილების მომავალი”.