ორშ. დეკ 9th, 2024

ფოთის მერია ახალ სამსახურთან დაკავშირებით ატეხილ ხმაურს სპეციალური განცხადებით ეხმიანება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის შექმნას ოპოზიციურ სპექტრსა და მასმედიაში ფართო რეზონანსი მოყვა. მიუხედავად არაერთი განმარტებისა და ინტრვიუსა, საკითხი არასწორად იქნა გაშუქებული და აღქმული.

ამასთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია საჭიროდ თვლის განმარტება გააკეთოს, ახალი სამსახურის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახურის შექმნის მიზანი არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების მონიტორინგი, დივიდენდების პროგნოზირება, რეკომენდაციების შემუშავება სესხის აღება-გაცემაზე, შემოსავლების ბაზის შექმნა, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ყველა სხვა ღონისძიებები, რაც ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას შეეხება. მათ შორის უმნიშვნელოვანესი ტურისტული განვითარების და პოტენციალის გამოყენების წინადადებების შემუშავება. სამსახურის წარმომადგენელს, თემატიკიდან გამომდინარე, სისტემატურად უწევს ტრენინგებზე, შეხვედრებზე, ფორუმებზე მონაწილეობა, რამაც განაპირობა მოადგილის შტატის დამატება. გარდა ამისა, სამსახური ფორმირების პროცესშია და პირველ ეტაპზე მხოლოდ ხელმძღვანელი პირები შეირჩა.

ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახური კოორდინირებას გაუწევს ტურიზმის ა(ა)იპის, რომლის ამოცანებია: ტურისტების მოზიდვაზე მიმართული პროექტების განხორციელება, ტურისტული მარშრუტების შემუშავება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და სპეციფიკურად ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები“.