ხუთ. ნოე 21st, 2024

ფოთს ვიცე მერ გიორგი ფარეშიშვილის თხოვნით, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ და საჯარო ბიბლიოთეკაში ,,კულტურის სტრატეგია 2025“-ის განხორციელების რეგიონული სამოქმედო გეგმების შემუშავების გზამკვლევის საჯარო განხილვა გამართეს, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები და გიორგი ფარეშიშვილიც ესწრებოდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლების ჩამოსვლის საჭიროება მას შემდეგ გადაწყდა, როდესაც ვიცე მერმა გაარკვია, რომ ფოთში არ არსებობდა კულტურული განვითარების სტრატეგიული გეგმა.
შეხვედრას კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპეციალისტები სტრატეგიული დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოდან ელინა გედენიძე და რეგიონალური პროგრამების სამმართველოდან ნინო ახალაია უძღვებოდნენ.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2016 წელს დამტკიცდა საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი – “კულტურის სტრტატეგია 2025”, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა. დოკუმენტი, განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას.

შეხვედრაზე პროექტების წერასა და დონორი ორგანიზაციების მოძიების პრობლემაზე გამახვილდა ყურადღება. სტუმრებმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მისცეს რჩევები 2018-2019 წლის კულტურული სტრატეგიების შემუშავების შესახებ.
კულტურის სამინისტროში სტრატეგიის გეგმის წარსადგენად ფოთელებს მხოლოდ ერთი კვირა დარჩათ.