საქართველოში ბევრმა არ იცის, რას წარმოადგენს რეალურად ევროკავშირი და მისი ინსტიტუტები. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მედიის მიერ არასაკმარისად გაშუქება გახლავთ. როგორც ისინი აღნიშნავენ, მხოლოდ ზედაპირული ხასიათის მასალები შუქდება. საზოგადოებას ევროკავშირზე საფუძვლიანი ცოდნის გარეშე აქვს წარმოდგენა შექმნილი, მაგრამ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება.
საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ესტონეთის ელჩმა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფორმატში იანრე ინჰოლდმა msnews.ge – სთან საუბრისას როგორც განაცხადა: „თქვენთვის ჯობია, იმუშაოთ გარკვეულ საკითხებზე და ნელ-ნელა იაროთ. ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან კარგი ნიშანი მივიღეთ სამიტიდან, რომელიც ბრიუსელში 2017 წლის 24 ნოემბერს ჩატარდა. ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ მომავალში. ბევრი ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლუსების შესახებ. ჩვენთვის, ესტონელებისთვის და ევროკავშირისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ექვსივე ქვეყანას ცალ-ცალკე დავაკვირდებით. გვინდოდა, ყველა ქვეყანის პრეზიდენტს ამ სამიტიდან გარკვეული მესიჯი მიეღო, რომ შეძლონ აუხსნან უბრალო ადამიანებს, რისთვის გვჭირდება ევროკავშირი და ევროინტეგრაცია. ვფიქრობ, საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს, რადგან თქვენ პატარა ქვეყანა ხართ, რომელმაც ბევრ რამეს მიაღწია. 8 წელია, რაც თქვენ ეს პოლიტიკა გაგაჩნიათ. 26 წელია, საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოხვედით და შესაძლოა უკვე 25 წლის მერე ესტონელებმა მოგმართონ რჩევისთვის. თუ შევადარებთ უკრაინასა და საქართველოს, უკრაინა შედარებით დიდი და მრავალრიცხოვანი ქვეყანაა. რეფორმების ჩატარება გაცილებით ადვილია პატარა ქვეყანაში. თქვენ ძალიან კარგად შეესაბამებით ევროკავშირს”.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია თვლის, რომ საქართველო ამ ეტაპზე მართლაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფლაგმანი გახლავთ:
“ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრი რამ გააკეთეს ამ სტატუსის მისაღწევად. თუმცა, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, თავის დროზე მოლდოვა იყო ფლაგმანი, მაგრამ მოლდოვაში კორუფციული სკანდალების შემდეგ, ასევე უკრაინაში კორუფციული სისტემების არსებობის გამო, წინ ვერ წაიწიეს, უფრო პირიქით, უკან დაიხიეს. ეს ორი ქვეყანა ითვლებოდა საქართველოს კონკურენტად, მაგრამ ახლა ამ ფონზე საქართველო უფრო გამოჩნდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან წინ წავედით. გასაკეთებელი ძალიან ბევრია – ასოცირების ხელშეკრულებები შესასრულებელია ბოლომდე, ანუ რაღაც ნაწილი შევასრულეთ. ჩვენ თავი არ უნდა გავუტოლოთ მოლდოვას და უკრაინას, რადგან ჩვენი ამბიციები ცოტა უფრო მაღალია. ჩვენ ჩვენი თავი უნდა გავუტოლოთ ბალტიისპირეთის ან სხვა ქვეყნებს. ისინი უნდა ავიღოთ საზომად, რადგან გვსურს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენს მიმართ მიდგომაც უფრო სხვანაირად მკაცრიც იქნება. აქედან გამომდინარე, დიდი აჟიოტაჟის შექმნა არ არის საჭირო. ძალიან მიხარია, ჩვენი პოზიციების კარგად შეფასება, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის თავბრუდამხვევი”.
საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებიდან ზოგი მათგანი შესრულებულია, ზოგი კი მხოლოდ ქაღალდზეა გაწერილი, თითქოს შესრულდა, სინამდვილეში კი არაფერი კეთდება ამ კუთხით. აღნიშნული არაერთხელ გააპროტესტეს არასამთავრობოების წარმომადგენლებმა. აღებული ვალდებულებით უნდა დაწესებულიყო შრომის უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტები სამუშაო ადგილებზე და შექმნილიყო შრომის ბაზრის ისეთი აუცილებელი ინსტიტუტი, როგორიცაა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რომელსაც უნდა განეხორციელებინა სრულფასოვანი ზედამხედველობა, როგორც დასაქმებულთა სამუშაო გარემოს უსაფრთხოებაზე, ისე შრომის კანონმდებლობის იმ პლემენტაციაზე; უნდა გაგრძელებულიყო არსებული შრომის კანონმდებლობის დახვეწა მისი საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზების მიზნით.
შეუშლის თუარა აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ხელს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ამაზე ექსპერტს თავისი მოსაზრება აქვს – „ამ ეტაპზე შეიძლება ქაღალდზე ყველაფერი კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ საბოლოოდ, ბუნებრივია, გამოჩნდება ეს ხარვეზები. რაც მთავარია, ეს აისახება მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. რეფორმების არსიც სწორედ ისაა, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ეს აისახოს მოსახლეობაზე. თუ ეს მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, რათქმა უნდა, შედეგი არ იქნება. ამიტომაცაა ასეთი მნიშვნელოვანი მოქალაქეების გათვიცნობიერება და მათი ცნობიერების ამაღელება, რისთვისაც სამოქალაქო სექტორმა უნდა იაქტიუროს. თუ მოქალაქეებმა არ იაქტიურეს, მარტო ევროკავშირი ვერაფერს გააკეთებს. ევროკავშირთან ინტეგრაცია კარგად უნდა ესმოდეს ნებისმიერ მოქალაქეს“.
რა იციან ფოთში ევროკავშირის შესახებ და რას მოელის საზოგადოება ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისგან? msnews.ge -მ რამდენიმე ადამიანი გამოკითხა -უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და რატომ?
”საქართველო ევროპული ქვეყანაა და რაც მეტი კავშირი გვექნება ევროპასთან, მით უკეთესი. ევროპელები ვართ და გვინდა, ისეთივე ცხოვრება გვქონდეს, როგორიც ევროპელებს აქვთ. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ გავხდებით ევროკავშირის წევრი”.
”ევროპის ქვეყნები უფრო გამოადგება საქართველოს, ვიდრე აზიის. საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. უნდა დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი ჩვენმა პატარა, მაგრამ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანამ”- ასეთია ძირითადად ქუჩაში გამოკითხულთა მოსაზრება, თუმცა ალაგ-ალაგ საწინააღმდეგო მოსაზრებაც მოვისმინეთ, რაც სწორედ არასწორი ინფორმაციის გამო აქვთ ჩვენს მოქალაქეებს.
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაქარ ერაგია როგორც ამბობს, ევროკავშირში გაწევრიანება პანაცეა არ გახლავთ და არ მოაგვარებს ყველა პრობლემას -“მთავარია, ვიაროთ ევროპისკენ, ევროპული სტანდარტები დავაწესოთ და დავამკვიდროთ ქვეყანაში. მთავარია, სოციალური დონით მივაღწიოთ თუნდაც აღმოსავლური ევროპის დონემდე და შემდგომ როდესაც ჩვენ და ევროკავშირი ჩავთვლით რომ მზად ვართ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რამდენად გვენდომება ეს, მაშინ განვსაჯოთ. ჩემი აზრით, მთავარია გზა ევროპისკენ და არა გაწევრიანება. თვითმიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ გაწევრიანება, არამედ მთავარი მიზანი უნდა იყოს ცხოვრების დონის გაუმჯობესება, სტანდარტების ამაღლება. გაწევრიანება კი არ მოუტანს ქვეყანას წარმატებას, არამედ ევროპული ფასეულობების დამკვიდრება. ევროკავშირში რომ გავწერიანდეთ, ქვეყანაში უნდა იყოს ლიბერალური კანონმდებლობა, ადამიანის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს, არ უნდა იყოს მონოპოლიები, არამედ კარგად განვითარებული ანტიმონოპოლიური სისტემა, საბანკო სფეროში არ უნდა იყოს კაბალური პირობები და ბანკები არ უნდა იყვნენ ეკონომიკის ძირითადი განმსაზღვრელები, მრავალპროფილური ბიზნესები არ უნდა გვქონდეს საბანკო სფეროში, ყველაზე მთავარი – შრომითი უფლებები და უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს ქვეყანაში დაცული. აი, ეს ყველაფერი რომ გაუმჯობესდება, ესაა ევროპა. ამ გზით უნდა ვიაროთ. ამისთვის უნდა ვიშრომოთ. ძალიან დიდი ეფექტი აქვს უვიზო მიმოსვლას. ადამიანის თავისუფლება გვგონია ევროპა და ეს არაა ევროპა, იქაც შეზღუდულია ადამიანი კანონის ჩარჩოში. ევროკავშირი ზოგს მონსტრად მიაჩნია, ზოგს მხსნელად. იგი არც ერთია და არც მეორე – ეს არის უბრალოდ მოდელი, როგორ შეიძლება უკეთ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა“.
ფოთელი ქეთევან გვარამია მიიჩნევს,რომ წინასწარ არავინ იცის, რა როგორ იქნება, მაგრამ ხალხს უნდა წაადგეს და უკეთესობისკენ წავიდეს მდგომარეობა და მნიშვნელობა არ აქვს, ვიქნებით ევროკავშირში თუ არა. მთავარია, ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდეს და ადამიანების ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს. ევროკავშირს რაც შეეხება, ამ საკითხში დიდად ჩახედული არ ვარ. მესმის ტელევიზიით, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამის ილუზია არ მაქვს. ვფიქრობ, გავიზიარებთ მათ გამოცდილებას საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ არა ომით, არამედ მშვიდობიანად. უკვე საკმარისზე მეტად ვიომეთ“.
ფოთელი ლირა კეკელიძე როგორც გვეუბნება: „ევროკავშირში ისეთი ქვეყნებია, რომელიც თავისი ისტორიით, კულტურით, სხვადასხვა მიღწევებით სამაგალითოა ამ ეტაპზე. შესაძლოა მე-12 საუკუნეში ჩვენ ვიყავით სამაგალითოები, მაგრამ 21-ე საუკუნეში ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებია რომლებიც ხასიათდებიან მრავალფეროვანი ტრადიციების შენარჩუნებით და ამავდროულად, ამ ტრადიციების გვერდით ვითარდება ახალი ტექნოლოგიური სამყარო. ერთმანეთის გვერდიგვერდ არიან და ერთმანეთს ხელსაც არ უშლიან, პირიქით, უფრო ვითარდებიან. იტალიაში ყოფნისას აღმაფრთოვანა საკუთარი წარსულის სიყვარულმა. იქ ჩასვლისას გრძნობ, რომ 21-ე საუკუნეში ხარ და ცივილიზაციის ყველა სიკეთეებით სარგებლობ. თან, ხედავ, რომ ის რაც ღირებულია, სიძველეა, უცვლელ მდგომარეობაშია. იქ ვერ ნახავ წამოჭიმულ უაზრო ულამაზეს ულტრათანამედროვე დუბაის მაგვარ სასტუმროებს. პატივისცემით ეპყრობიან იმ მრავალფეროვნებას და იმ ატმოსფეროს უფრთხილდებიან. მინდა, თანამედროვე საქართველოში 21-ე საუკუნეში ვცხოვრობდე. ხიდი, რომელიც გაიდება ევროკავშირთან, ვფიქრობ სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის. ჩვენ მათგან ეს უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავისადმი პატივისცემა, პიროვნებისადმი, ქვეყნისადმი, ქალაქისადმი ღირსეული დამოკიდებულება. ვოცნებობ იმ დროზე, სადაც პიროვნებას, ყოველ ადამიანს მნიშვნელობა ექნება და დაფასდება”.
ინგა გვასალია