ფოთში ახალ დასახლებაში სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, 4 000 დევნილი ჩაასახლეს მას შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა და უკვე ახალი რაიონი დაცარიელებულია. ამის უმთავრესი მიზეზი უმუშევრობაა.
20 წელი ერთ ახალ საცხოვრებელ გარემოს მიჩვეული დევნილებისთვის უცებ ისევ ადგილის შეცვლა რთული აღმოჩნდა და აქაურობასთან შეგუებაც გაუჭირდათ. ამას ისიც ემატება, რომ ვერ შოულობენ სამუშაოს, რის გამოც ახალი რაიონის დევნილთა უმეტესობამ უკვე დატოვა ბინები. ამის პარალელურად კი, ფოთში 1700-მდე დევნილი ოჯახი არსებობს, რომელთათვისაც ბინების მიცემა წლებია ვერ მოხერხდა. საქართველოში რეგისტრირებული ყველა დევნილის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება 2017 წელს უნდა დასრულდეს. სპეციალურად შემუშავებული სტრატეგიული გეგმის მიხედვით, 2011 წელს აშენდა ფოთში მალთაყვის უბანში 32 4 და 5 სართულიანი სახლი, რომელიც 1088 დევნილი ოჯახისთვის გახლდათ გათვალისწინებული. მიმდინარე წელს კი მალთაყვაში დამატებით ჩაბარდება კიდევ შვიდი 5 სართულიანი კორპუსი, სადაც 280 დევნილი ოჯახი შესახლდა.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობამ ფოთში 2013 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩაატარა მონიტორინგი ახალ რაიონში ფაქტობრივი მაცხოვრებლების აღრიცხვისა და დაკეტილი თუ გაქირავებული ბინების რიცხვის დადგენის მიზნით. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალ რაიონში თითქმის ყოველი მეორე ბინა დაკეტილია, ნაწილი გაქირავებულია კერძო პირებზე და ასევე გახსნილია სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები. კერძოდ, დაკეტილია და უკვე არავინ ცხოვრობს დიდი ხანია 670 ბინაში, გაიყიდა 15 ბინა, ხოლო გაქირავებულია 51, მათ შორის 3_ში გახსნილია აფთიაქი, 5 ბინა გადაკეთებულია მაღაზიად, 3 ბინაში გახსნილია ინტერნეტ კაფე, 2 ბინაში კი ფუნქციონირებს სილამაზის სალონი. ასევე დადგენილია, რომ 26 ბინის მეპატრონე გარდაცვლილია. გამოვლინდნენ დევნილები, რომელთაც აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები, თუმცა სრული კანონდარღვევით, ნაცნობობით და ა.შ აქვთ მიღებული ბინები და იყენებენ ამ ფართებს დამატებითი შემოსავლის წყაროდ, აქირავებენ ისევ დევნილებზე, რომლებიც დღემდე საკუთარი ჭერის გარეშე არიან დარჩენილები. დევნილი ქეთინო ნაჭყებია, რომელსაც საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი, ახალ რაიონში ბინას 150 ლარად ქირაობს. მისი მეუღლე ომის ვეტერანია, თუმცა ვერც ეს ფაქტი აღმოჩნდა საკმარისი, რათა მათთვის საცხოვრებელი ფართი მიეცათ.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თავმჯდომარე თენგიზ შონია მოუწოდებს ახალ მთავრობას, უფრო ყურადღებით იმუშაოს დევნილთა პრობლემებზე ფოთში. მას უამრავი ფაქტი აქვს თავის დროზე ახალ რაიონში ბინების უსამართლოდ განაწილების შესახებ, რაზეც ღიადაც არაერთხელ უსაუბრია, ამ უსამართლო განაწილების შედეგმაც არ დააყოვნა და უკვე ორ წელიწადში ახალი რაიონი თითქმის დაცარიელდა, რადგან, ბინები მიიღეს ისეთმა დევნილებმა (ასევე არადევნილებმაც(?!)), ვისთვისაც ეს უბრალოდ დამატებითი კაპიტალი და შემოსავლის წყარო იყო. “ ჩვენ უამრავი ფაქტი გვაქვს, რომ წინა მთავრობის დროს დევნილთა კორპუსებში საცხოვრებელი ფართები უსამართლოდ განაწილდა, ბევრმა არა დევნილმაც მიიღო ბინა და ახლა არ ცხოვრობენ იქ. მაგალითად, გაგრის ქუჩაზე, #18 კორპუსში მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენი 28 კი დაკეტილია. ამდენი უბინაო დევნილი კი დღემდე ქირით ცხოვრობს. მოვუწოდებ მთავრობას, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები და ნუ გაიმეორებენ წინა ხელისუფლების შეცდომას, შეასახლონ ეს დევნილები დაკეტილ ბინებში. ბინის ორდერის მისაღებადაც კი არ გამოჩენილან ადამიანები და გასაღებები დღემდე ამხანაგობის უფროსს აქვს. ხომ შეიძლება ამ ყველაფრის კანონით დარეგულირება, სანქციების გატარება? ბინები უნდა გადაეცეს იმ ხალხს, ვინც სახერხში, კომბინატის საწყობში და ნაქირავებში ცხოვრობს, ვისთვისაც საკუთარი ფართის მიღება 20 წელია ვერ მოხერხდა“-გვითხრა თენგო შონიამ.