ხუთ. ნოე 21st, 2024

ელენე გვაზავას შვიდსულიანი ოჯახი უკვე წლებია უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და ყოველთვიურად სახელმწიფო დახმარებას 348 ლარის ოდენობით იღებს.

ეს თანხა ამ ოჯახის ერთადერთი შემოსავალია, რითაც ასე თუ ისე თავის გატანას ახერხებენ, მაგრამ მათი პრობლემა აქ არ მთავრდება. მცირეწლოვანი ბავშვები უკვე რამდენიმე წელია, ნახევრად გადახურულ სახლში ცხოვრობენ. წინა ხელისუფლება დაეხმარა ოჯახს ნაშალი სამშენებლო მასალით და სახლი აუშენა, თუმცა გადახურვა ვერა და ვერ მოხერხდა. წინასაარჩევნოდ გვაზავების ოჯახს მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია და უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ალასანია სტუმრობდნენ და დახმარებასაც დაპირდნენ, მაგრამ დანაპირები დღემდე არ შესრულებულა. ელენე გვაზავა თავად გვიყვება ოჯახის უკიდურეს გაჭირვებას; “სანამ “ოცნება” სათავეში მოვიდოდა, ჩემს სახლში იყვნენ ქალბატონი ბესელია და ირაკლი ალასანია, დამპირდნენ, როგორც კი მოვალთ მთავრობაში, ყურადღებას მოგაქცევთ, ასეთი მძიმე მდგომარეობა არსად გვინახავსო. ვიცი, რომ უცებ არ კეთდება ყველაფერი, მაგრამ ამ დაპირებიდან ორი წელი გავიდა. კედლებიდან ხის ბაყაყები ცვივა, იქნებ როგორმე დამეხმარონ და სახლის მეორე ნახევრის გადახურვა შევძლოთ, რომ როგორმე იატაკიც დავაგოთ, დანარჩენი იქნებ მოვახერხოთ თავად როგორმე. სად დაიკარგა ქალბატონი ბესელიას სიტყვები, რომ დამპირდა დახმარებას, წერილობითაც მივმართე მერიას, საიდანაც მომივიდა პასუხი, რომ მიიღეს ჩემი განცხადება, მაგრამ დახმარებას ვერ ახერხებენ, დაფინანსება არ გვაქვსო. 18 წლის გოგო დამიქვრივდა, ბავშვს ჩვენ ვზრდით, იმის პირობები არ გვაქვს, ვაბანაოთ ბავშვი. შეშასაც დაგვპირდნენ, მაგრამ მერე ისიც არ მოგვცეს. ასე ტყუილში ამყოფებენ ხალხს? წინა ხელისუფლება მაინც დამეხმარა, უსახური შენობა დაანგრიეს და მასალები მომცეს, წინა მთავრობების დროს თვეში ერთხელ მაინც ღებულობდნენ ჩემისთანა გაჭირვებულ ხალხს, ახლა კი პასუხს ვერავისგან მიიღებ, გამოგვიყოს ერთი დღე და მოგვისმინოს, როცა ხმა მივეცით, ხომ ვიყავით მაშინ საჭირო? ახლა ჩვენ გვჭირდება, რა ვქნა აღარ ვიცი, რა გზას დავადგე, თავი როგორ მოვიკლა, გოგოებს დავამთავრებინე წვალებით კოლეჯი, მაგრამ მაღაზიაში რომ იმუშაონ, ის ადგილიც ვერ ვუშოვე. დღეგამოშვებით დადიან სკოლაში უმცროსები იმიტომ, რომ ფეხსაცმელი არ აქვთ, ესაა ცხოვრება? “
როგორც ოჯახის დიასახლისმა გვითხრა დახმარებისთვის სახალხო დამცველის ოფისაც მიმართა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა სასიკეთოდ. გვაზავების ოჯახი ამ დაპირებების ასრულების მოლოდინში უკვე ორი წელია ისევ აგრძელებს ცხოვრებას ნახევრად გადახურულ სახლში.

20140902_123859