სადაზღვევო პოლისებით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი “სარგებლობს”. წინა და ახალი ხელისუფლებაც სხვადასხვა დროს მთავარ პრიორიტეტებს შორის ასახელებდნენ ჯანმრთელობის დაზღვევის გამართულ მუშაობას ქვეყანაში, თუმცა ეს პროცესი დღემდე მოუწესრიგებელია.
საქართველოში მოქმედი ყველა სადაზღვევო კომპანია, რომელიც ჩართულია სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში და ასევე აზღვევს კერძო სექტორში დასაქმებულებს, მზღვეველისგან რამდენიმე, არც თუ ისე საჭირო და აუცილებელი, პროცედურის გავლას ითხოვს. მე თავად ვიწვნიე ამ დაზღვევის და პროცედურის “სიკეთე”, რასაც ახლა აღვწერ ამ საგაზეთო მასალაში, მკითხველმა კი განსაჯოს, რამდენად სამართლიანია, სადაზღვევო კომპანიისგან თავისი დაზღვეულების მიმართ ასეთი მოპყრობა. რამდენიმე დღის წინ, ჩემს 12 წლის ბიჭუნას ტანზე მოწითალო გამონაყარი შევნიშნე და გადავწყვიტე, ბავშვი სპეციალისტისთვის მეჩვენებინა. ამ ისტორიის საინტერესო ეპიზოდი სწორედ აქედან იწყება. პოლიკლინიკის მისაღებში სადაზღვევოკომპანია “ალდაგის” ბარათის წარმოდგენის შემდეგ, მომდევნო ოთახისკენ მიგვითითეს, რომლის კარებზე აბრას “მენეჯერი” აწერია. როგორც გავარკვიეთ, ეს კაბინეტი ექიმ კესო გელენიძეს ეკუთვნის და კომპანია “ალდაგის” წარმომადგენელია პოლიკლინიკაში. სწორედ ეს ქალბატონი გასცემს ე.წ “ოჯახის ექიმის” მომართვას შემდგომი მომსახურების მისაღებად. როგორც აღმოჩნდა, მასთან ბავშვის სადაზღვევო ბარათთან ერთად უნდა წარმოგვედგინა დაბადების მოწმობა ან მისი ასლი. ყველამ, მათ შორის ამ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმაც, კარგად იციან, რომ მოსწავლეებს დაბადების მოწმობა სკოლაში აქვთ, თანაც დაზღვეულს ამის შესახებ ინფორმაციას არავინ აწვდის. კითხვაზე, საიდან უნდა გავიგოთ, რომ აუცილებლად საჭიროა შესაბამის კლინიკაში მომსახურების მისაღებად სადაზღვევო პლასტიკურ ბარათთან ერთად მოზარდის დაბადების მოწმობის წარმოდგენა, კომპანია “ალდაგში” გვპასუხობენ: უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე. გამოდის, რომ თუ ავად ხართ, ჯერ ცხელ ხაზზე უნდა დარეკოთ და იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლათ და ვინმემ გიპასუხათ, უნდა გაიაროთ წინასწარი კონსულტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ ფურცლებით ხელში სადაზღვევო კომპანიასა და პოლიკლინიკას შორის კვირაობით სიარული. ეს ყველაფერი კი ხდება იმის პარალელურად, როცა დაზღვეულის პლასტიკურ ბარათზე დატანილია ყველა პირადი მონაცემი, რაც, ვფიქრობთ, სავსებით საკმარისია პიროვნების იდენტობის დასადგენად. თუ არადა, გაუგებარია, რისთვის დაამზადებინეს ეს პლასტიკური ბარათები დაზღვეულებს, თუ კიდევ დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო პირადობის დასადასტურებლად. ექიმს ვთხოვე, გაეფორმებინა მომართვა და შემდეგ მივიტანდი ბავშვის დაბადების მოწმობას, რადგან კვირის ბოლო სამუშაო დღე იყო და მანამდე ამას ვერ მოვახერხებდი. ექიმმა სრულიად მშვიდად და აუღელვებლად მითხრა, რომ ასეთ შემთხვევაში, ორშაბათს მომეყვანა ბავშვიც. ამაზე ვერანაირად ვერ დავთანხმდებოდი, რადგან გამონაყარი ბავშვს გამოხატულად ჰქონდა, მეშინოდა მისი ჯანმრთელობის გამო და კიდევ რამდენიმე დღე ექიმთან ვიზიტს ვერ გადავდებდი. ამიტომ იმ დღეს მომსახურების თანხა და წამლების ღირებულება გადავიხადე, შემდეგ კი შევეცადე მიმეღო ანაზღაურება. ცნობისათვის, ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი შემდეგია: დაზღვეული პირის დაზღვევის ბარათი, დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის პირადობის მოწმობა (რომელი მშობლის სახელზეც ხდება ანაზღაურება), სრულყოფილად შევსებული ფორმა-100, ექიმის ხელმოწერით და კლინიკის ბეჭდით დამოწმებული ან ექიმის ჩანაწერი შემდეგი ინფორმაციის მითითებით: პაციენტის სახელი და გვარი, ექიმთან მიმართვის თარიღი, დიაგნოზი (საიდენთიფიკაციო კოდით), პაციენტის ჩივილები, ექიმის დანიშნულება, ექიმისავე ხელმოწერა და თარიღი, კლინიკის ბეჭედი, ჩატარებული კვლევების პასუხები (არსებობის შემთხვევაში), სალაროს ჩეკი, შემოსავლის ორდერი და ანაზღაურების მიმღები პირის პირადობის მოწმობა საბანკო რეკვიზიტებთან ერთად. საინტერესოა, ამდენი ქაღალდომანიის შემდეგ ანაზღაურდება თუ არა სამედიცინო მომსახურების თანხა და რა ოდენობით. კომპანია “ალდაგის” სადაზღვევო ბარათზე მითითებულია, რომ პირადი ექიმის მომსახურება ანაზღაურდება 100%-ით. კომპანიის ადგილობრივ ოფისში როგორც აგვიხსნეს: ’”იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ ოჯახის ექიმის მომართვა, ანაზღაურდება გადახდილი თანხის მხოლოდ 30%. ასპროცენტიანი ანაზღაურება ხდება მხოლოდ მაშინ, თუ აქვთ ექიმის მომართვა”.
მკითხველმა არაობიექტურობაში რომ არ ჩამითვალოს, რადგან მხოლოდ პირად მაგალითზე განაწყენებული ვამზადებ ამ სატატიას მსურს ჩემთვის ცნობილი კიდევ ერთი ფაქტი მოგიყვეთ. 42 წლის ნათიას ხერხემლის თიაქარის დიაგნოზი დაუსვეს. სჭირდება გამოკვლევები და შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს. მისი მეუღლე წლებია, კომპანია “ალდაგში” მთელი ოჯახისთვის იხდის თანხას. რამდენიმე დღის წინ, ნათიამ მიმართა კომპანია “ალდაგს” კონსულტაციისთვის. როგორც “ალდაგის” ცენტრალურ ოფისთან დაკავშირების შემდეგ გახდა ცნობილი, ნათიას აუნაზღაურებენ გამოკვლევების ღირებულების 60%, ოპერაციაზე კი საჭიროა დამატებით დოკუმენტაციის შევსება და ა.შ. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ ახალგაზრდა ქალმა ეს ოპერაცია ვერ გაიკეთა, შესაძლოა, მალე სიარული გაუჭირდეს. როგორც თვითონ გვითხრა: “ ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. მეუღლე, ძირითადად, სამსახურშია და სხვა დამხმარეც არ მყავს. თუ დროულად არ ჩავიტარე მკურნალობა, შესაძლოა დავხეიბრდე. წლებია, ამ კომპანიაში ვართ დაზღვეულები, მაგრამ თანხის მიღება სულ პრობლემაა. აქამდე არც მისარგებლია პირადად, ახლა დამჭირდა და არ ვიცი, რას მივიღებ”.
ეს ფაქტები სრულად ვერ ასახავს იმ პრობლემებს, რაც ხშირად ექმნებათ დაზღვეულებს სადაზღვევო კომპანიებშიც და ბევრ დაზღვეულს უწევს სამედიცინო მომსახურებას საკუთარი სახსრებით გადახდა. რაც შეეხება ჩემი ისტორიის დასასრულს – ათდღიანი გამორკვევის და დოკუმენტების მოგროვების შემდეგ დადგინდა, რომ ჩემს მიერ გადახდილი 30 ლარიდან სადაზღვევო კომპანია ანგარიშზე ჩამირიცხავს 9 ლარს (?!). შეგახსენებთ რომ ამ კომპანიის ანგარიშზე ჩემი ოჯახის წევრი ათეული წლებია, სოლიდურ შენატანს რიცხავს, საპასუხოდ კი ასე “გვაზღვევს” “ალდაგი” თავისი განუმეორებლად სწრაფი და გულისხმიერი მომსახურებით. ამის შემდეგ განა შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ასეთი სადაზღვევო სისტემა კეთილსაიმედო და მოქნილია?