შაბ. ნოე 23rd, 2024

დღეს ფოთის ცენტრალური ქუჩები ისევ დაიტბორა. ქალაქში გადაადგილება რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლებელი იყო, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის,
ასევე ავტომანქანებისთვისაც. დატბორილი იყო სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან მისასვლელი ადგილები. არ ჩანდა საფეხმავლო ბილიკი, რაც საფრთხეს უქმნიდა ფეხით მოსიარულებს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც სკოლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

ქალაქი უკვე რამდენიმეჯერ დაიტბორა ამ მოკლე პერიოდში. რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ, მოსახლეობის დიდ ნაწილს პრობლემები შეუქმნა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ადგილობრივები შექმნილ სიტუაციას გაუმართავ სატუმბ სადგურებს და მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს აბრალებენ. თავის მხრივ კი ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და ქალაქის დატბორვის მიზეზად უხვ ნალექს ასახელებს.