ხუთ. ნოე 21st, 2024

„ მე წინააღმდეგი არ ვარ ძეგლის რეკონსტრუქციის და მარჯვენა ფლიგელის ჩამონგრევის, რადგან ძეგლი კომუნისტების დროინდელი
მინაშენისგან თავისუფლდება. ჩემთვის გაუგებარია ვის დასჭირდა ისტორიულ ძეგლში კაფე-ბარის გახსნა, ქალაქში საამისოდ უამრავი შესაბამისი სივრცე არსებობს. ჩემთვის ასევე გაუგებარია ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია, რატომ არაა ამ საკითხში უფრო აქტიურად ჩართული. კულტურის სამინისტროში აღნიშნული პრობლემის დეტალურად შესწავლის შემდეგ, საკითხს პარლამენში დავაყენებ“_ ეს განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ფოთში,რომელიც ნიკო ნიკოლაძის კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

ნიკოლაძის შთამომავალმა ადგილზე მიმდინარე პროცესები დაათვალიერა. მან მიმდინარე სამუშაოები განსაკუთრებით თანამედროვე კაფე- ბარის მიშენება უარყოფითად შეაფასა.

ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო კოშკის ირგვლივ ხმაური, როცა პირველად გახდა ცნობილი რეაბილიტაციის პროექტი – ისტორიული ძეგლის ნაწილის დემონტაჟის თაობაზე. მაშინ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართა და ეს პროცესი შეჩერდა. 2016 წელს კი აღნიშნული პროცესი განახლდა. ისტორიული ძეგლის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს,ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლის საიუბილეოდ უნდა დასრულდეს.

არქიტექტურულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2016 წელს დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და „ქართუ ჯგუფის“დაფინანსებით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ბანა“ასრულებს.