ორშ. დეკ 9th, 2024

ფოთში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისა და სპორტული გაერთიანებების თანამშრომლებს აპრილის ხელფასები არ მიუღიათ. ფოთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის

ვასიკო თოდუას განმარტებით დავალიანება შემოსავლების ნაკლებობამ გამოიწვია.

„მეწარმე იურიდიულ პირებს ქალაქთან მიმართებაში გარკვეული ვალდებულებები აკისრიათ, მათ შეუძლიათ ავანსირება გააკეთონ და დროზე ადრე გადაიხადონ გადასახადები და დაეხმარონ ქალაქს, თუმცა ამას არ აკეთებენ. ასევე არის საგადასახო კოდექსი, რომლის შესაბამისად გადასახადების გადასახდელად მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო“.

ქალაქის მთავარი ფინანსისტის თქმით ქალაქში თევზის მწარმოებელი 4 ქარხნიდან, მხოლოდ ერთმა, მაჟორიტარი დეპუტატის საკუთრებაში არსებულმა ქარხნის ადმინისტრაციამ გადმორიცხა 123 000 ლარი, მთლიანად ქარხანა საშემოსავლო გადასახადის სახით 500 000 ლარს რიცხავს ბიუჯეტში. ქალაქი ხახუბიასაგან ბუნებრივი რესურსების სარგებლობის გადასახადის სახით 200 000 ლარს ელოდება, რომლის შემდეგ სახელფასო დავალიანებას მთლიანად გაისტუმრებენ.

თოდუას მტკიცებით დავალიანებებს სავარაუდოდ 7 მაისისათვის გაისტუმრებენ.

დღეისათვის ბაღების დავალიანება 121 000 ლარია, სპორტული გაერთიანების 54 000 ლარი. შრომის კოდექსის 31 მუხლის თანახმად ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დამსაქმებელი ვალდებულია გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ეს კანონის თანახმად, თუმცა, როგორც მთავარი ფინანსისტი ამბობს ასეთ საჯარიმო სანქციებს არ ითვალისწინებს ხელშეკრულება.