სამ. დეკ 3rd, 2024

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში 1 და 2 აპრილს პრემიერაა. ახალგაზრდა რეჟისორი დათო ჩხარტიშვილი წარმოადგენს სპექტაკლს –
,,ბეჩავი“.(პიესის ავტორი დავით გაბუნია)

საზოგადოება წინასწარ საზღვრავს ადამიანის ცხოვრებას, რომელიც ტრადიციულად თაობიდან თაობას გადაეცემა. ,,ბეჩავის“ მთავარი გმირი სოსოა, რომელსაც ერღვევა ეს ტრადიციული ხაზი, რადგან ის მთავარი ღირსება და სიამაყე, რომელსაც ბავშვობის ასაკში ,,პასპორტს“ უწოდებს საზოგადოება – ,,მწყობრიდან არის გამოსული“.

სწორედ ეს ინსტრუმენტი, რომლითაც საზოგადოება საზღვრავს ადამიანის ტიპს, გახდება მთავარი გმირის პირადი ტრაგედიის მიზეზი. ეს ტრაგი-კომიკური ისტორია ერთი კონკრეტული გმირის ცხოვრების მაგალითზე გვანახებს, თუ როგორ შეიძლება დაბეჩავდეს ადამიანი საზოგადოების ტრადიციული შეხედულებების და სტერეოტიპების გამო.

სოსოს, რომელიც მისი გვარის მთავარი მაგისტრალური ხაზის გამგრძელებელია, უკვე წინასწარ აქვს განსაზღვრული ცხოვრება, რომელიც დედამ, მამიდამ და მამის აჩრდილმა შეუქმნეს. სოსომ 30 წლის ასაკშიც კი თავი ვერ დააღწია ოჯახის წევრების, მამის აჩრდილის გავლენას, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ სოსოს ჰქონდეს ყველაფერი ისე, როგორც მიღებულია. სოსო კი აღმოაჩენს, რომ პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ჩაჯდეს მემკვიდრეობით ნაანდერძევ მთავარ მაგისტრალურ ხაზში.

დრამატურგი დავით გაბუნია ბევრ ნაცნობ თემას ეხება პიესაში და ყოველგვარი შელამაზების გარეშე იუმორით და სარკაზმით გვიყვება იმ წნეხზე, რომელშიც საზოგადოება თავისი სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო აგდებს ადამიანს.

რეჟისორმა დათო ჩხარტიშვილმა ერთი შეხედვით სასაცილო ისტორია სცენაზე დიდი იუმორით, ირონიით და სარკაზმით გადაიტანა. იგი ბოლომდე აშიშვლებს მთავარ გმირს, რათა საზოგადოებას თვალნათლივ დაანახოს, რა ხდება იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც სწორედ რომ საზოგადოების მსხვერპლია – როგორ იქცევა იგი ,,ბეჩავად“ და გარიყულ ადამიანად, რომელსაც სძულს ირგვლივ ყველა და ყველაფერი, რადგან საკუთარი არასრულფასოვნება კომპლექსად ექცა.

რეჟისორი დათო ჩხარტიშვილი დახვეწილი იუმორით და ზომიერი სოციალური აქცენტებით, სატირული სტილით ცდილობს ემპათია აღძრას საზოგადოებისგან დაბეჩავებული მთავარი გმირის მიმართ.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი – დათო ჩხარტიშვილი. სცენოგრაფია: სერგო შივცი. კომპოზიტორი: მერი ბეროშვილი. სპექტაკლში სამსახიობო ანსამბლს ქმნიან გენადი შონია, თამუნა ჭუბაბრია, ნინი გოშაძე და ანი ანდღულაძე.