პარ. ნოე 22nd, 2024

„ყველაზე მეტი მხარდამჭერი „ნაციონალურ მოძრაობას“ სამეგრელოში ჰყავს. არჩევნები იმისთვისაა, რომ შევეჯიბროთ. ოღონდ უნდა იყოს შეჯიბრი და არა ბრძოლა“

– განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონში მოქმედ მედიასაშუალებებთან შეხვედრისას.

ივანიშვილი იმედოვნებს, რომ წელს „კულტურული არჩევნები“ გაიმართება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „პროფესიონალია“ პროვოკაცების დაგეგმვაში, ამიტომაც „ქართულ ოცნებას“ მეტი სიფრთხილე მართებს. ამის მაგალითად კორცხელში განვითარებული მოვლენები მოიყვანა.

„კორცხელზე გამოძიება არ დასრულებულა, თუმცა ის ხელკეტები რომელ მანქანებში იდო, კარგად ჩანდა. კამერები უნდა იყოს ძალიან ბევრი, ისევე, როგორც იყო 2012 წელს. ჩვენ კამერებით მოვახერხეთ იმ ძალადობის შეჩერება, რაც სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოდიოდა, პოლიციიდან მოდიოდა. პოლიცია იყო ძირითადი ინსტრუმენტი ძალადობისთვის საკუთარ ხალხზე. დღეს ეს ასე არაა. პროვოკაციებიც ნაკლები იქნება ჩემი აზრით. თუმცა მცდელობები იქნება ბევრი. უნდა ფხიზლად ვიყოთ, ფხიზლად იყოს თითოეული ამომრჩეველი“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა.

ივანიშვილი დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ გამარჯვებაშიც.