ორშ. დეკ 9th, 2024

რამდენჯერმე დაანონსებული საჯარო მოხელეთა კონკურსი ფოთში ისევ გადაიდო. ბოლო მონაცემებით, იგი ივლისში უნდა გამართულიყო, მაგრამ სექტემბრამდე პირი არ უჩანს.

როდის იგეგმება და რატომ ჭიანურდება საჯარო მოხელეთა კონკურსი, ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე გაგვიმარტავს:

,,საკონკურსო -საატესტაციო კომისია დაუკავშირდა საგამოცდო კომისიის ეროვნულ ცენტრს და მათთან შეთანხმებით, კონკურსი აუცილებლად ჩატარდება სექტემბრის დასაწყისში. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა შეარჩიოს ჩატარების თარიღი. ჩვენ ამ ცენტრთან შეთანხმებით უნდა ჩავატაროთ ეს კონკურსი იმიტომ, რომ განაცხადები არის ძალიან ბევრი და ტექნიკურად კონკურსის ჩატარება დამატებით ხარჯებს მოითხოვს ქალაქ ფოთის თვითმართველობის მუნიციპალიტეტისთვის,,.

შუბითიძემ აღნიშნული კონკურსის გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად ივლისში მიმდინარე ეროვნული გამოცდებიც დაასახელა. როგორც მან გვითხრა, ამჟამად 65 ვაკანსია არსებობს. Mმანამდე 41 ვაკანსია გახლდათ და როგორც ჩანს, კონკურსის ჩატარების ვადების ზრდასთან ერთად ვაკანსიების რიცხვიც იზრდება. ვაკანსიები გამოცხადებულია სხვადასხვა თანამდებობებზე – სპეციალისტები, განყოფილების უფროსები.

ამ ეტაპისთვის 1200 განაცხადია შემოსული. განცხადებების მიღება და მათი შემოწმება დღესაც მიმდინარეობს. მეორე ეტაპი ტესტირება გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ერთ მოქალაქეს 5 ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია.