ფოთში მომავალი კვირიდან კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება იწყება, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობისა
და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად,ქალაქის მუნიციპალიტეტებიც არიან ჩართული.
უნდა აღინიშნოს, რომ ფოთში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პირველად ხდება მწერებთან (კოღოსთან) ბრძოლის მასშტაბური სამუშაოების ჩატარება.
პროგრამის ფარგლებში, ფოთში განხორციელდება კოღოს საწინააღმდეგოდ შემდეგი პროცედურები. ღია სივრცეები და წყალსატევები შეიწამლება ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით დამუშავდება.
ადგილობრივი ხელისულების წარმომადგენლები აღნიშნული პროგრამის რეალიზაციაზე მომუშავე ჯგუფს უკვე შეხვდნენ და ჩასატარებელი სამუშაოები დეტალურად განიხილეს.
მათი ინფორმაციით, კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა შეწამვლითი სამუშაოების ორ ეტაპს მოიცავს, პირველი ეტაპი ივლისის პირველ დეკადაში განხორციელდება, მეორე ეტაპი-სექტემბერში. პროგრამის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება მუნიციპალიტეტის სამსახურებს, ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობებს და მოქალაქეებს.