ხუთ. ნოე 21st, 2024

პოლონურმა ფონდმა „განათლება დემოკრატიისათვის“ თემაზე “ადგილობრივი ინფორმაციული პორტალი, როგორც ცალკეული მედიაპროდუქტი” სამდღიანი ტრენინგი

ქართველი რეგიონული გაზეთების გამომცემლებისთვის და ჟურნალისტებისთვის თელავის მედიაკაფეში გამართა. უკვე რამდენიმე წელია, პოლონელი ჟურნალისტების გარკვეული ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან და ადგილობრივი გაზეთების განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს პოლონეთის ორგანიზაცია “ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი”.

მასში მონაწილეობს საქართველოს 11 რეგიონის გაზეთი. პროექტის ფარგლებში პოლონელი და ქართველი რედაქტორ-გამომცემლები ყოველწლიურად ხვდებიან ერთმანეთს და პოლონელი ჟურნალისტები საკუთარ გამოცდილებებს უზიარებენ ქართველ კოლეგებს.

ეს შეხვედრაც ამ პროექტის გაგრძელება გახლდათ. ტრენინგებს პოლონეთის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი, ფონდის პროექტის კოორდინატორი აგნეშკა ნოვინკა უძღვებოდა, მასთან ერთად პოლონეთის ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის, კვირეული „პშელომის“ და ასევე პორტალ `przelom.pl’’-ის გამომცემელი, ადგილობრივი გაზეთების ასოციაციის თავმჯდომარე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიაში განხორციელებული მედია- პროექტების ექსპერტი ალიცია მოლენდა და ასოციაცია „დემოკრატიული აღმოსავლეთი“-ს ტრენერი, პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის, ყირგიზეთის, საქართველოს ადგილობრივი და რეგიონალური მედიის განვითარების სატრენინგო პროგრამების თანაავტორი მარჩინ ბანკი.

საქართველოში პროექტის პარტნიორი კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი გახლავთ. საქართველოს 11 რეგიონის ჟურნალისტებთან ერთად ტრენინგში „მთავარი თემა სამეგრელოში“-ც მონაწილეობდა. შეხვედრის საკითხები მკითხველის გაცნობა, მისთვის ინფორმაციის მიწოდება გახლდათ, ასევე ადგილობრივი გაზეთის გამოცემისა და ინტერნეტ პორტალის მუშაობის ერთმანეთთან შეთავსება. ტრენერებმა ქართველ კოლეგებს გააცნეს როგორ უნდა უზრუნველყონ გაზეთში დაბეჭდილი რეკლამის პორტალზე განთავსება და პირიქით. განიხილეს სხვა საკითხებიც. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ ტრენერები არა მარტო თეორიულ, საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებასაც უზიარებდნენ ქართველ კოლეგებს.

შეხვედრისას პოლონური ფონდის კოორდინატორმა აგნეშკა ნოვინკამ როგორც აღნიშნა, ადგილობრივ გაზეთებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში. მათ უნდა გააშუქონ არსებული პრობლემები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აინტერესებს. მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მედია უდიდეს როლს ასრულებს დემოკრატიის განვითარებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ პოლონურმა ფონდმა ისევ, უკვე მეორედ, გამოაცხადა კონკურსი პროექტის მონაწილე ადგილობრივი გაზეთებისათვის რამდენიმე ნომინაციაში, რაც დიდი სტიმულია რეგიონის ჟურნალისტებისათვის, პორტალის მუშაობის გაუმჯობესებისთვის, რათა შექმნან მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალები თუ ნიუსები. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან როგორც ციფრული ტექნიკით, ასევე – პოლონეთში სტაჟირებით.