ყველა განვითარებულ ქვეყანაში პანდუსებს დიდი ყურადღება ექცევა და ყველგან აკეთებენ კიდეც, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე და მით უმეტეს, ჩვენს ქალაქზე.
აღნიშნული პრობლემა აქ მწვავედ დგას და შეზღუდული შესაძლებლობები ს პირებს ძალიან უჭირთ ამ მხრივ. სწორედ ეს აწუხებს 20 წლის გიორგი ბერიშვილს, რომლისთვისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო პირობა ქალაქში ეტლით გადაადგილება გახლავთ. იგი ვერ ახერხებს ქალაქში თავისუფლად მოძრაობასა და დამოუკიდებლად ნებისმიერ ადგილას ეტლით მისვლას. ამბობს კიდეც, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რადგან ქუჩაზე გადასასვლელები, შენობები და არც ტრანსპორტი არ არის მოწესრიგებული, რის გამოც ძალიან უჭირს საზოგადოებასთან ადაპტირება და გარეთ დამოუკიდებლად გადაადგილება.
გიორგის დედა მანანა ბერელიძე როგორც ამბობს: ,,როდესაც გიორგი ჯერ კიდევ პატარა იყო, ქალაქში გადაადგილების პრობლემას ასე მწვავედ ვერ ვგრძნობდით, ხან ხელით დაგვყავდა, ხანაც ჩვენ ვატარებდით ეტლით. რაც წამოიზარდა, დამოუკიდებლად გადაადგილება უნდა, ეს კი დღესდღეობით საკმაოდ რთულია, რადგან ქალაქში უამრავი შენობის კიბეს არ გააჩნია პანდუსი, რის გამოც გიორგი დამოუკიდებლად, ზოგჯერ კი საერთოდაც ვერ ახერხებს მისვლას ამა თუ იმ ადგილას“.
ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამტკიცებენ, რომ ბოლოდროინდელ მშენებლობებში ყველა სტანდარტი დაცულია. არსებული ინფრასტრუქტურის უმრავლესობა კი სათანადოდ კეთილმოწყობილი არ არის, რადგანაც 1995 წლამდე შესაბამისი ნორმების დაცვა სავალდებულო არ იყო.
იმ რამდენიმე შენობაშიც კი, რომელიც თითქოს მოწესრიგებულია ამ მხრივ, გადაადგილება მაინც თითქმის შეუძლებელია. ხშირად ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, მხოლოდ შენობაში შესასვლელი ან პირველი სართულია შედარებით ადაპტირებული, ეს კი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა თავისუფლად შეძლოს გადაადგილება.
გიორგის მეგობარი ნიკა გელენავა გვეუბნება, რომ ამ მხრივ დიდი პრობლემაა ქალაქში: ,,ჩემი მეგობრის, გიორგის მდგომარეობიდან გამომდინარე, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში დღეს ნამდვილად არის პრობლემა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანთა გადაადგილების მხრივ. როდესაც გიორგი ცდილობს დამოუკიდებლად გადაადგილებას, უმეტესად მას გამვლელები ეხმარებიან, რათა შეძლოს ქუჩის საპირისპირო მხარეს გადასვლა, სატრანსპორტო საშუალებებზე აღარაფერს ვამბობ – ამ შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე,რადგან ისინი სრულიად მოუხერხებელია ასეთ სიტუაციაში“.
ავტობუსებს, მარშუტკებსა თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს არ გააჩნიათ პანდუსები და არანაირად არ არის შექმნილი ის პირობები, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა თავისუფლად შეძლოს ტრანსპიორტით გადაადგილება ქალაქსა თუ ქალაქგარეთ.
გარდა საჯარო დაწესებულებების, ტრანსპორტის და გადასასვლელთა თუ გზების მოუწესრიგებლობისა პრობლემაა ავტოსადგომების მხრივაც, ეტლით მოსიარულეთათვის გამოყოფილი ავტოსადგომი არცთუ ისე ბევრია ჩვენს ქალაქში და თუ არის, მაშინაც სხვა მანქანაა გაჩერებული ან ისეა ჩახერგილი, რომ მისვლა ფაქტობრვად შეუძლებელია.
როგორც გიორგი ბერიშვილი ამბობს: ,,გარდა ინფრასტრუქტურისა, პრობლემას ვაწყდებით ჩვენთვის სპეციალურად გამოყოფილ ავტოსადგომებზეც. მე პირადად, არ ვსარგებლობ საკუთარი ავტომობილით, თუმცა ანალოგიური პრობლემის მქონე მეგობრებისგან ვიცი, რომ ჩვენთვის მანქანების გასაჩერებლად სპეციალურად გამოყოფილი ადგილები ხშირად დაკავებულია, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ მსგავსი შემთხვევებისას გარკვეულ ჯარიმას დააწესებენ, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობას ამ პრობლემების მოსაგვარებლად ჯერ არ სცალია“.
მოქმედი კანონმდებლობით საცხოვრებელი სახლებისა თუ გადასასვლელთა მშენებლობისას სავალდებულოა, შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინება. შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა. თუმცა, კოალიციის გამგეობის წევრი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მრავალი დარღვევის მიუხედავად, ჯერ არავინ დასჯილა. მისი თქმით, არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც სტანდარტების დაცვას გააკონტროლებს. ამიტომაც, პრობლემა კვლავ უყურადღებოდ რჩება, მისი მოგვარების გზები არ ჩანს, აღნიშნულ პირებს კი ცხოვრება უფრო ურთულდებათ.
ნინო გვასალია