ასეთი ფრაზა და კიდევ “სულს ამოგხდით” გახსოვთ ალბათ, წინა ხელისუფლების “თვალსაჩინო” წარმომადგენელი საქართველოს ტელევიზიის ეკრანებიდან ყველა სხვანაირად მოაზროვნეს რომ გვემუქრებოდა.
მართალია, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ “ფრთიანი” გამონათქვამები თითქმის იგივე დარჩა. საქმე იმაშია, რომ ფოთში საჯარო მოხელეთა ტესტირების ვადის გადაწევასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს გოგა მოისწრაფიშვილს ვეწვიეთ.
არ ვიცით, ჟურნალისტებს არ წყალობს თუ ასეთი ბუნების გახლავთ მერის მოადგილე, მაგრამ „მთავარი თემა სამეგრელოში“-ს ჟურნალისტებს დაუზუსტებელ და მოკლე პასუხებს აძლევდა: „ჩანიშნული როდესაც იქნება”, “ვინ გითხრათ რომ გადაიწია” და ასე შემდეგ. მერე კაბინეტში საკრებულოს აპარატის უფროსი და მერიის იურისტები შემოვიდნენ და “ბატონმა” მერის მოადგილემ არც თუ ზრდილობიანად კარზე მიგვითითა და თუ რამე სხვა შეკითხვა არ გაქვთ გაბრძანდითო და დაგვტოვეთო, თუ გინდათ დამელოდეთ და მერე ვისაუბროთო.
მერე არც აცია, არც აცხელა და მოგვახალა – “თქვენს სისხლს დავლევ”. გაოგნებულებმა კითხვა შევუბრუნეთ – რას გულისხმობდა ამ ფრაზაში და გვემუქრებოდა თუ არა. მან კი მოგვახსენა: „თქვენს სათქმელს ვამბობ ჩვენზეო“.
გვაინტერესებს, მოისწრაფიშვილმა სად და როდის მოისმინა ჩვენი გაზეთის რომელიმე ჟურნალისტისგან მსგავსი ფრაზა? ჩვენი აზრით, მოისწრაფიშვილს ჯერ კიდევ ვერ გაუთავისებია, რა თანამდებობა უკავია, რა პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოების წინაშე ან “სკამი” თავისას აკეთებს.