შაბ. დეკ 7th, 2024

ფოთის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსებზე მიღება დაიწყო. კურსი განკუთვნილია ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.

პროექტის „ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების უფასო კურსის“ პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების გენდერული სერვისების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ესაკიამ . პროექტს ახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ფოთის მერიასთან ერთად.

„D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ მოწმობას. კურსის დასრულების შემდეგ, კანდიდატები ავტობუსის მძღოლის „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ. კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს. პროექტი ხორციელდება „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, EY საქართველოს დახმარებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ქალების ეკონომიკური გაძლიერება და სატრანსპორტო სექტორში ქალთა როლის გაზრდა.