სამ. დეკ 3rd, 2024

კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებში დარეგისტრირებული პარტიებიდან ელექტორატს სამ, მაქსიმუმ ოთხ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, რადგან გაერთიანებულ ოპოზიციას საერთო კანდიდატები ჰყავს. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ყველაფერს გააკეთებს, ამომრჩეველთა ხმების ოპოზიციურ ყულაბაში ჩასაგდებად და ქართული ოცნების 43% მიღმა დასატოვებლად.

სამეგრელოს რეგიონში დარეგისტრირებულ პარტიებს პროპორციულ სიებში გენდერული ბალანსი კანონის შესაბამისად დაცული აქვთ.

რვავე მუნიციპალიტეტში 29 მერობის კანდიდატია დარეგისტრირებული. ფოთში სამი მერობის კანდიდატია: ,,ქართული ოცნებიდან“- ბექა ვაჭარაძე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-გიგი უგულავა და პარტია ,,საქართველოსთვის“- გიორგი აბსარიძე.

ხობის მუნიციპალიტეტში მერობისათვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს, ,,ქართული ოცნებიდან“- დავით ბუკია, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- ბესიკ შენგელია, პარტია ,,საქართველოსთვის“- ბადრი ჯობავა და ,,ევროპული საქართველოდან“ – ლაშა ნიკოლაძე.

სენაკში მერობისთვის ოთხი კანდიდატი, ,,ქართული ოცნებიდან“- ვახტანგ გადელია, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“-კობა ნაყოფია, პარტია ,,საქართველოსთვის“-გიორგი სიჭინავა და პარტია „მესამე გზა“ – აპოლონ გარუჩავა.

წალენჯიხას მერობის ოთხი კანდიდატი ყავს: ,,ქართული ოცნებიდან“- გიგა გულორდავა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- გიორგი ხარჩილავა, პარტია ,,საქართველოსთვის“-ხვიჩა მებონია, პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ – თამარ ბელქანია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სამი მერობის კანდიდატია დარეგისტრირებული. ,,ქართული ოცნებიდან“ – დავით გულუა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- ბადრი ქარჩავა, პარტია ,,საქართველოსთვის“- შენგელი ჯიქია.

მარტვილის მერობისათვისაც სამი კანდიდატი იბრძოლებს. ,,ქართული ოცნებიდან“ – თორნიკე ჯანაშია, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- თეიმურაზ ჯანაშია და პარტია ,,საქართველოსთვის“- ლაშა ლეკიშვილი.

აბაშას ოთხი მერობის კანდიდატი ჰყავს, ,,ქართული ოცნებიდან“- გიგა გაბელაია, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- ნუგზარ წიკლაური, პარტია ,,საქართველოსთვის“-ავთანდილ ბოკუჩავა, ,,ლელო საქართველოსთვის“ – ვაჟა გაბელაია.

ზუგდიდის მერობისათვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. ,,ქართული ოცნებიდან“ – მამუკა წოწერია, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- ანზორ მელია, პარტია ,,საქართველოსთვის“- გიორგი შენგელია, ,,პატრიოტთა ალიანსი“- ილია ჩაჩიბაია.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელად მხოლოდ ერთი ქალი კანდიდატია წარდგენილი. მერის სავარძლისთვის იბრძოლებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატი თამარ ბელქანია. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა პარტიას მაჟორიტარულ და პროპორციულ სიებში ახალი წევრები ყავთ წარმოდგენილი.

მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატებად ძირითადად საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები წარადგინა – მერობის რვა კანდიდატიდან ორი ზუგდიდისა და ფოთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეები არიან, ერთიც მოქმედი მერია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, მესამედ დაიკავებს მერის თანამდებობას. წალენჯიხაში მერობის კანდიდატი წარსულში ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარია. ხობის კანდიდატი საჯარო მოხელე გახლავთ, რომელიც სხვადასხვა დროს სამართალდამცავ სტრუქტურაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. პროფესიით იურისტია აბაშის მერობის კანდიდატიც. რაც შეეხება სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატს, იგი ბიზნესიდანაა, რომლის ოჯახის წევრები ინფრასტრუქტურულ ტენდერებში მონაწილეობდნენ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ღებულობდნენ ბენეფიტებს.
ნაციონალურ მოძრაობას 69 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ნახევარში ყავს წარდგენილი მერობის კანდიდატები. დანარჩენ მუნიციპალიტეტთა ნაწილში იმ პარტიებმა დაასახელეს წარმომადგენლები, რომლებიც ოპოზიციაში ერთად არიან და ერთმანეთთან კონკურენცია კი არა, ,,ქართული ოცნების“ დამარცხება აქვთ მიზნად.
ნაციონალური მოძრაობის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ- „მძიმე არტილერია“ გადაესროლათ რეგიონებში, ადგილებზე უკმაყოფილება გამოიწვია და შიდა დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ასე მოხდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში, წევრების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა გაერთიანებული ოპოზიციის პარტიული სიის კანდიდატები, თუმცა არც მერობის კანდიდატ გიგი უგულავაზე გამოუხატავთ აღფრთოვანება, შიდა დაპირისპირება სწორედ პროპორციულ სიაში კანდიდატთა რიგითობას მოყვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მარიამ ბჟალავამ ვიდეო მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ყოფილი ნაციონალი საუბრობს: ,, მერობის კანდიდატის თბილისიდან ჩამოყვანა სულაც არ იყო საჭირო, რადგან გუნდში არიან, პერსპექტიული, სუფთა წარსულის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც ნიკა მელიამ მიიწვია თავის გუნდში. ოპოზიცია გაერთიანდა ქვეყნის მასშტაბით, როდესაც პარტიაში ღირსეული კანდიდატებია, გაუგებარია რატომ უნდა წავიდეთ რამდენიმე წრეზე და დამარცხებული კანდიდატები წარვადგინოთ? უგულავას ფოთის მერობის კანდიდატად წამოყენება თავიდანვე წამგებიანი ნაბიჯი იყო, რადგან ფოთელ ექიმებს ძალიან მწარედ ახსოვთ უგულავას გუბერნატორობა სამეგრელოში“ – ამბობს ბჟალავა.
ფოთში, თავდაპირველად მერობისკანდიდატად თინა ბოკუჩავა დასახელდა, მოგვიანებით კი ის გიგი უგულავათი ჩაანაცვლეს, ფოთის შემდეგ კი ბოკუჩავა აბაშის მერობის კანდიდატადაც მოიაზრებოდა, თუმცა, მისი სახელი სამეგრელოს მერობის კანდიდატების სიიდან საერთოდ გაქრა.

ოპოზიციის ზუგდიდის კანდიდატად, ნიკა მელიამ ზუგდიდში მამამისი, ექიმი ანზორ მელია დაასახელა. მმართველი პარტიის განცხადებით, ოპოზიციის მერობის კანდიდატთა ასეთი შემადგენლობა ნიშნავს, რომ ყოფილ სახელისუფლებო გუნდს საზოგადოებისათვის სიახლის შეთავაზების უნარი არ აქვს ან არ სურთ და არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად ემზადებიან.

გახარიას ახალშექმნილი პარტია „საქართველოსათვის“ მონაწილეობს არჩევნებში და სამეგრელოს რეგიონის მერობის კანდიდატების უმრავლესობა ყოფილი საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც ,,ქართული ოცნებიდან“ გადაბარგდნენ გახარიას გუნდში. მერობის რვა კანდიდატიდან ხუთი ყოფილი საჯარო მოხელე, ფინანსისტი, ეკონომისტი და უნივერსიტეტის მმართველია. გახარია ამ გუნდით სამეგრელოში არჩევნების მოგებას გეგმავს.
პარტია „ლელო“ სამეგრელოში ძალიან მწირედ არის წარმოდგენილი. როგორც ჩანს, მათ მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში, წალენჯიხასა და აბაშაში სურთ მერობა. მართალია, ისინი გაერთიანებულ ოპოზიციაში არ შედიან, მაგრამ „ქართული ოცნების“ დამარცხება მათთვისაც უპირველესი პრიორიტეტია და სხვა მუნიციპალიტეტებში კონკურენციას არ უწევენ გაერთიანებულ ოპოზიციას.

,,ევროპული საქართველოს“ ლიდერებსა და უგულავას შორის უთანხმოების მიუხედავად, ,,ევროპულმა საქართველომ“ ფოთში მერობის კანდიდატი არ წარადგინა. გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტია სამეგრელოში მხარს შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭერს. და მხოლოდ ხობის მუნიციპალიტეტში გაუწევს კონკურენციას ნაციონალურ მოძრაობას.

/ივეტა პაჭკორია სამეგრელო/

სტატია ქვეყნდება პროექტისგამჭვირვალე არჩევნები და მედიაფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ღია საზოგადოებასაქართველოს პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.