ხუთ. ნოე 21st, 2024

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალიას განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ დღეს კაბინეტში დაიბარა და მისთვის მოულოდნელად დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება გააცნო. მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სამსახურიდან ყოფილ პრემიერ-მინისტრთან
გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო გაათვისუფლეს.

ლაშა გვასალიას ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში ოფიციალურ მიზეზად სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებაა დასახელებული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ ფორმალური მიზეზია. გვასალია ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

„პირველად ვნახე ასეთი გაოგნებული, გამშრალი და ფერდაკარგული მალხაზ თორია. მას აშკარად ეტყობოდა, რომ ჰქონდა ძალიან დიდი ზეწოლა ვიღაცეებისგან… მე არასდროს არანაირი დარღვევა არ მქონია სამსახურში ვიყავი ყოველთვის მოწინავე და გამორჩეული მოხელე…მან [მალხაზ თორიამ] პირდაპირ მითხრა, იმიტომ მიშვებენ რომ ვარ გახარიას მეგობარი და მაქვს მასთან ურთერთობა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლაშა გვასალიამ.

მანამდე მან სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა განცხადება სადაც დამატებით აღნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება იქნება პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მადლიერი:

“გაოგნებული ვარ, მეგობრებო, დღეს “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც ყველაფერი მისცა ჩემმა ოჯახმა, ვისთვისაც იმდენი გავაკეთე, ჩამოთვლაც რომ შეუძლებელია, ვისი ერთგულიც ამწუთამდე ვარ, მოითხოვა ჩემი სამსახურიდან გაშვება (გუბერნატორს თხოვენ დაჟინებით, ბრძანებით გამიშვას, არადა არაფერი დამიშავებია)!!! ბრალდება-გიორგი გახარიასთან მეგობრობა!!!

ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ!

ვაი, თქვენს პატრონს უბედურს!..

ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იცის ვინ დააფუძნა სამეგრელოში “ქართული ოცნება”, ვინ შექმნა პირველადი ორგანიზაციები, ვინ ხელმძღვანელობდა საარჩევნო შტაბს არაერთგზის და წარმატებულად?

ვინ იყო ყველა ნაცური რეჟიმის საწინააღმდეგო აქციის წინამძღოლი?

ვინ იყო ერთ- ერთი იდეოლოგი “ქართული ოცნებისა”?!

მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბრწყინვალე ოჯახისა!.. დანერჩენებს მოგხედავთ!..

ჯერაც ვერ წარმოგიდგენიათ, პარტიაში შეყუჟულო წრუწუნებო, რა დაგემართებათ!..”, – წერს გვასალია სოციალურ ქსელში.

დღეს, 11 მაისს, თანამდებობის „იძულებით დატოვების“ შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთეს ფოთის, მარტვილის და სენაკის მერების მოადგილეებმა. მედიასთან საუბარში მათ განმარტეს, რომ არიან ყოფილი პრემიერის, „გიორგი გახარიას თანამოაზრეები, თანაგუნდელები, შესაბამისად, ალბათ ეს იყო ძირითადი მიზეზი რატომაც დადგა მოთხოვნა თანადებობის დატოვების“. ამ ფაქტს ასევე გამოეხმაურა გახარიას გუნდის წევრი, დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია და განაცხადა რომ “ქართული ოცნება” მათ პოლიტიკური ნიშნით დევნის.