ხუთ. ნოე 21st, 2024

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჯეროვნად და ხარისხიანად შესრულების პრობლემა წლებია, საქართველოს
თითქმის ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არსებობს. სხვა თემაა, ეს არაპროფესიონალიზმის ბრალია, თუ სხვა მიზეზები იმალება ამის უკან. ფაქტია, რომ აშენებული ისევ ასაშენებელი ხდება და ამისთვის უამრავი თანხები იხარჯება, რაც ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის დიდი “ფუფუნება” გახლავთ. ამჟამად ხობის პრობლემა გვინდა გაგაცნოთ, რომლის “სუსტი წერტილი” ხიდების აშენება აღმოჩნდა. უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა.

სანამ აუდიტის ანგარიშზე გადავალთ, გეტყვით, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს მოსახლეობამ რამდენიმე წლის წინ სიმინდი გაყიდა და მოგროვებული ფულით მდინარე ზანასძგაზე რკინის ხიდი ააგო. 2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტმა ახალი საავტომობილო ხიდის გაკეთების საბაბით, რკინის კონსტრუქცია აიღო, ჯართში ჩააბარა და მოსახლეობა ხიდის გარეშე დატოვა. მოსახლეობას შემოვლით 25 კმ გავლა უწევს. სკოლამდე და ბაღამდე მისასვლელად იმ ერთადერთი ამორტიზებულ ხიდზე უნდა გაიარონ, რომელიც არავინ იცის, როდის ჩაინგრევა და რომელიც არსებული საცალფეხო ხიდის ნაცვლად გააკეთეს. თუმცა, ,,სინკარები” იმდენად ახლოსაა წყალთან, რომ მდინარის ოდნავი მომატებისთანავე “ეგრეთწოდებული” ხიდი იფარება და გადასვლა შეუძლებელი ხდება. უკვე ორი წელია მდინარე ზანასძგაზე არც ძველი ხიდია და ახალსაც არავინ აგებს. მოსახლეობას აინტერესებს, რატომ გაუყიდეს ხიდი ისე, რომ არც კი გააფრთხილეს. აუდიტის დასკვნაში წერია, რომ ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით გაყიდა ხიდი. საინტერესოა, რა გახდა ასეთი “აჩქარების” მიზეზი?

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტმა 2017 წლის ოქტომბრის თვეში გამოაცხადა ორი ელექტრონული ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა დაზიანებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფელ საჯიჯაოში. ორივე ტენდერში გაიმარჯვა შპს „ელიტპროდაქშენმა“ და 2017 წლის 6 დეკემბერს მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელთან გააფორმა ორი ხელშეკრულება ჯამური ღირებულებით 121. 5 ათასი ლარი,

კერძოდ: საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში მდინარე ზანაძგაზე საფეხმავლო ხიდის (საჭანტურიოს უბანში) სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით 60.2 ათასი ლარი და მეორე ხიდი, რომელიც მდებარეობს იმავე სოფელში ღირებულებით 61.3 ათასი ლარი.

სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 4 თებერვალი. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო ხიდების რეაბილიტაცია, არსებული მზიდი კონსტრუქციების გამოყენებით. მუნიციპალიტეტმა არა თუ გამოიყენა რკინის ხიდი, არამედ დაჩქარებული წესით ელექტრონული ტენდერი 2018 წლის 21 მაისს გამოაცხადა და 19 ივნისს უკვე ჯართად გაყიდა ხიდი ისე, რომ არ გააჩნდა ალტერნატიული მზიდი კონსტრუქცია. აუდიტის დასკვნაში ასევე წერია, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ხიდის კონსტრუქციის გაყიდვის შესახებ და რატომ გაყიდა სასწრაფოდ იგი. მუნიციპალიტეტმა შესყიდვების პროცესში არაეფექტიანად დახარჯა 30.9 ათასი ლარი და ვერ მიაღწია შესყიდვით დაგეგმილ შედეგს, რაც პრობლემას უქმნის მოსახლეობას. დღეს მდინარე ზანასძგაზე ხიდის ნაცვლად მხოლოდ ბეტონის ჩასხმული ბოძები დგას. მოსახლეობას ვერ მიუღია დღემდე პასუხი, რატომ გაიყიდა მათი სახსრებით გაკეთებული ხიდი და ისიც უკითხავად.

ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა არსებულ პრობლემებს შეძენილს უწოდებს და განმარტავს:

,,როდესაც საქმეს აკეთებ, იქ ხარვეზებიც ჩნდება. მიღება-ჩაბარებისას ხარვეზები არ არსებობდა, აუდიტის დასკვნაში მოხვედრილი ხარვეზები შეძენილი ხარვეზებია, თუმცა, შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნია ვალდებულება, აღმოფხვრას არსებული პრობლემა. ხარვეზების ნაწილი გამოსწორებულია, ნაწილი გამოსწორდება”.
რაც შეეხება საჭანტურიოს ხიდის გაყიდვასა და მის ახლით ჩანაცვლებას, გაბედავას თქმით: ,,საჯიჯაოში ორივე ხიდი სტიქიის შედეგად დაინგრა. საჭანტურიოს ხიდი იყო საცალფეხო, მოსახლეობამ მოითხოვა საავტომობილო ხიდი, ამიტომ შეიცვალა პროექტი, რომელსაც თავისთავად დრო დასჭირდა. რკინის კონსტრუქცია კი გამოუსადეგარი გახდა, ამიტომაც განხორციელდა აღება-რეალიზაცია. მეორე ხიდი სტიქიის შედეგად მთლიანად ჩაინგრა. ორივე ხიდი ერთდროულად უნდა გაკეთებულიყო. ჩვენ დროებითი გავაკეთეთ, რომ მოსახლეობას შეძლებოდა მდინარეზე გადასვლა. ხორგაში აღებული ხიდის მალის ნაშენით გავაკეთეთ დროებით საფეხმავლო ხიდი. ამასობაში მომწოდებელმა უარი განაცხადა ხიდების მშენებლობაზე და ითხოვა ხელშეკრულების გაწყვეტა. ხელშეკრულების დარღვევის გამო დაეკისრა კომპანიას ჯარიმა”.

გაბედავას თქმითვე საჭანტურიოს ხიდის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, ხოლო მეორე ხიდის მშენებლობა დაწყებულია.

,,ხიდჩატეხილობა” ქარიატაში

გაცილებით რთული მდგომარეობაა ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში. წლების განმავლობაში გაღმა და გამოღმა ქარიატას ერთმანეთთან ბონდის ხიდი აკავშირებდა. სოფლის ერთ მხარეს მდებარეობს სკოლა, მეორე მხარეს სასურსათო მაღაზია, საბავშვო ბაღი და სოფლის ადმინისტრაცია. ხიდის სიძველიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მისი რეაბილიტაცია. ამ მიზნით, 2016 წლის 10 ოქტომბერს შპს „სინათლე 2006“-თან გაფორმდა ხელშეკრულება. სამუშაოს ღირებულება 219.0 ათასი ლარი გახლდათ. სამუშაოები ნაცვლად 2017 წლის 8 იანვრისა, 19 დღის დაგვიანებით, 2017 წლის 27 იანვარს ჩაბარდა. მიუხედავად ამისა, შემსრულებლისათვის არ გავრცელებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია 3.3 ათასი ლარის ოდენობით. ჯარიმის თავიდან აცილების მიზეზად, მოსახლეობა შემსრულებელი ფირმის დირექტორის მუნიციპალიტეტის მერთან ნათესაურ კავშირს ასახელებს. შპს „სინათლე 2006“-ის მფლობელი ქალაქის მერის, გოჩა ქაჯაიას სიძე გახლავთ. საჯარიმო სანქციის დაუკისრებლობა არაფერია იმასთან შედარებით, რაც ახალაშენებულ ხიდს დაემართა პირველივე სუსტი ქარის დროს. ორი წლის განმავლობაში, არაერთხელ შეკეთდა ახალაშენებული ხიდი. როგორც წინა შემთხვევაში, აქაც საგარანტიო პერიოდი 5 წელი იყო. თუმცა, ხიდმა მხოლოდ წელიწადნახევარი გაძლო და პირველივე სტიქიამ სოფელი ხიდის გარეშე დატოვა. რკინის ფილებისა და კონსტრუქციის ნახევარი წყალმა წაიღო, ნახევარი კი საცოდავად ჰკიდია ჰაერში. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ აუდიტის სამსახურმაც ვერ დადო დასკვნა, რამ გამოიწვია ხიდის ასეთი დაზიანება, რამაც შესაძლოა, მშენებლებს თავიდან აარიდოს პასუხისმგებლობა. აუდიტის ანგარიშიდან ვკითხულობთ,

,,ხიდი სპეციფიკური ხაზობრივი ნაგებობაა, რომლის ტექნიკური დეტალების შეფასება მოითხოვს სპეციალურ განათლებას. ამდენად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, რამ გამოიწვია ხიდის დაზიანებები–საპროექტო დოკუმენტაციის ნაკლოვანებამ, სამშენებლო ხარვეზებმა თუ სტიქიურმა მოვლენებმა“.

ქარიატის ხიდის გახსნა წელიწადნახევრის წინ ლენტის გაჭრით და მთელი პომპეზურობით მოხდა, თუმცა, ხიდის ხარვეზებმა რამდენიმე თვეში იჩინა თავი – პირველივე სუსტი ნიავის დროსაც კი იმდენად ირწეოდა, რომ მშობლებს სკოლაში შვილების გაშვების ეშინოდათ. მოსახლეობას ძველი ხიდი სანატრელიც კი გაუხდა. ძველი ხიდი 1967-68 წლებში აიგო და მრავალი წელი ემსახურა მოსახლეობას “პატიოსნად”. ძველი ხიდისგან განსხვავებით, ახალმა ხიდმა არსებობის მხოლოდ წელიწად ნახევარი მიითვალა.

მოსახლეობის ნაწილს ნავით უწევს მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა, ნაწილს კი – შემოვლითი გზით. ,,არაა მთავრობა, არაა უფროსობა, დილა-საღამოს ნავით გვიწევს შვილიშვილებისათვის პურის საყიდლად სიარული. სირცხვილია 21-ე საუკუნეში ამ მდგომარეობაში იყოს მოსახლეობა“- ამბობს ქარიატის მაცხოვრებელი იგორ ჟველია.

პედაგოგებსა და მოსწავლეებს კი სკოლაში შემოვლითი გზით უწევთ სიარული. ქარიატის სკოლის პედაგოგი ნინო კიზირია როგორც ამბობს: “ხიდის არარსებობა სხვადასხვა სახის პრობლემას გვიქმნის, იქნება ეს შემოვლითი უვარგისი გზით დროში გაწელილი სიარული თუ სხვა პრობლემა. ახალაგებული ხიდი მყარი არ არის და ნიავზეც კი ძალიან ქანაობს და საშიშია გადასვლა. მართალია, დღეს სკოლის ტრანსპორტი გვემსახურება, მაგრამ სასიცოცხლო, ყოველდღიური საჭიროებაა ამ ხიდის არსებობა- სკოლა, ბაღი, სასურსათო მაღაზია, ურთიერთობები, ათასი ჭირი და ლხინია… ,,ხიდჩატეხილობა” პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ძალიან ცუდია, რადგან თიშავს ადამიანებს და აძნელებს ერთმანეთთან სიახლოვეს“.

,,ქარიატის ხიდი ჩაბარდა ექსპერტიზის საფუძველზე და ჩაბარდა ხარისხიანი, მაგრამ იმ მძიმე მეტეოროლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც მოხდა 2018 წლის ნოემბერში, ხიდი დაზიანდა”- გვიმტკიცებს გაბედავა და არ ეთენხმება იმ აზრს, რომ ხიდზე ზემოქმედებას მცირე ქარი ახდენდა:

,,არ ვიცი, ვის ეშინოდა გადასვლის, მაგრამ ეს ბონდის ხიდია. რაც ადრე იყო, ის იყო მყარი კონსტრუქციის, შეიცვალა იმიტომ, რომ ძველი ხიდი იყო ამორტიზებული და ჩანგრევის საშიშროება არსებობდა”. რაც შეეხება მდინარე ხობისწყალზე ახალი ხიდის აშენებას, გაბედავას თქმით, არსებული პრობლემის საქმის კურსშია როგორც გუბერნია, ისე ცენტრალური ხელისუფლება და მიმდინარეობს საკითხზე მუშაობა.

როგორც ჩანს, ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის დაიწყება ხიდის ხელახალი მშენებლობა და დაიწყება თუ არა საერთოდ. გაბედავა არ ეთანხმება აუდიტის დასკვნას იმ ნაწილში, სადაც წერია, რომ ,,მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომელთა ხარისხის სათანადო საექსპერტო დადასტურება არ მომხდარა. ყველას აქვს ექსპერტის დასკვნა და ამის გარეშე არ ჩაბარებულა არც ერთი ობიექტი. არამარტო ექსპერტიზა, არამედ ჩვენი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ყოველ დღე ამოწმებდნენ. ზერელედ არ მომხდარა ჩაბარება”.

რაც შეეხება აუდიტის დასკვნის იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ ,,მუნიციპალიტეტმა ვერ მოახერხა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მომწოდებელზე დარიცხული საჯარიმო სანქციების ბიუჯეტში მობილიზება, გაბედავა განმარტავს: ,,ჩვენ დავაჯარიმეთ, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები რამდენიმე მომწოდებელთან, ინფორმაცია საჯაროა და ყველას შეუძლია ნახვა”.

მიუხედავად სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასახული პრობლემისა, ნაციონალური მოძრაობის წევრი ია ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ დასკვნაში მხოლოდ პრობლემების მცირე პროცენტი მოხვდა და პრობლემა გაცილებით დიდია: “ხობში არაჯეროვნად შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების პრობლემა ამით როდი მთავრდება“.

აუდიტის დასკვნაში ბაღებში უხარისხოდ შესრულებული
სარემონტო სამუშაოებიც მოხვდა

აუდიტის დასკვნაში ხიდების გარდა ასევე მოხვდა ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ დურღენას საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულება 2016 წელს გაფორმდა ი/მ დათო ადამიასთან, ღირებულებით 58.2 ათასი ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა სხვადასხვა სამშენებლო სამუშაო, მათ შორის, შიდა კედლების მობათქაშება მაღალ ხარისხოვანი ქვიშა ცემენტის ხსნარით და მათი შეღებვა მაღალხარისხოვანი წყალ-ემუსიის საღებავით. აღმოჩნდა, რომ მიმწოდებლის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოა. შენობაში ბევრ ადგილას მნიშვნელოვნადაა დაზიანებული კედლები და ჭერი. კერძოდ, შეიმჩნევა ბზარები, ჩამოყრილია კაფელი, ნალესი და ბათქაში საღებავთან ერთად. ამავე წელს ხობის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ შავღელეს საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულება გაფორმდა ი/მ კახა ჩიქოვანთან ღირებულებით 21.6 ათასი ლარი. როგორც აღმოჩნდა, აქაც მიმწოდებლის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოა. შენობაში ბევრ ადგილას კედლები დაბზარულია, ჩამოყრილია ნალესი და ბათქაში. ამავე წელს, ამავე ი/მ კახა ჩიქოვანმა ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის სარეაბილიტაციო და ეზოს შემოკავების სამუშაოები ჩაატარა. ხელშეკრულების ღირებულება 26.9 ათასი ლარია. შესასრულებელი სამუშაო ითვალისწინებდა შენობის არსებული სახურავის დემონტაჟს და ახალი სახურავის მოწყობას მეტალო-კრამიტის ფურცლებით, რომლის ღირებულება შეადგენდა 13.6 ათას ლარს. მუნიციპალიტეტმა ინსპექტირების ჯგუფისა და ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე ჩაიბარა და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

როგორც წინა, ისე მომდევნო სამუშაო მომწოდებლის მიერ უხარისხოდ იყო შესრულებული. შენობაში ჩამოსულმაწყალმა ადმინისტრაციის შენობის ჭერი მნიშვნელოვნად დააზიანა.

2016 წელს ნოჯიხევის ადმინისტრციულ ერთეულში №2 ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 44.7 ათასი ლარი გამოეყო შპს „დ. ხ. კომპანიას“. სამუშაოები აქაც უხარისხოა, კერძოდ: იატაკი, შიდა კედლების ზედაპირი და მეტლახის იატაკი სველწერტილში ნაწილობრივ დაზიანებულია, შენობაში ჩამოდის წყალი.

2016 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ ახალ ხიბულაში ცენტრის კეთილმოწყობის სამუშოები, რომელიც შპს „ზუბი2010“- მა შეასრულა. სამუშაოს ღირებულება 15.7ათას ლარს შეადგენდა. კეთილმოწყობის სამუშაოები არაჯეროვნად და უხარისხოდაა შესრულებული.

გამომდინარე აქედან, სააუდიტორო ექსპერტმა ჩათვალა, ხოლო მუნიციპალიტეტმა დაადასტურა და აანაზღაურა ისეთი სამუშაოები, რომელიც მიმწოდებელს არ შეუსრულებია.

აუდიტის სამსახურმა ხობის მუნიციპალიტეტში არსებული დარღვევები გამოსაძიებლად პროკურატურას უკვე გადაუგზავნა.
საბუთები ასევე პროკურატურას გადაუგზავნა საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ია ჯიშკარიანმა, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით.

ივეტა პაჭკორია