ტალინში გამართულ მე-6 ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომლის თემა გახლდათ “გამოწვევები, საერთო გადაწყვეტილებები: წარსული, დღეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი”, უკლებლივ ყველა გამომსვლელმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10-წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
კონფერენციას 6 პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელორუსიის, ასევე ევროკავშირისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია 3 პანელად იყო დაყოფილი. პირველი გახლდათ ევოლუციის ათწლეული – აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო 10 წლის განმავლობაში. მეორე პანელი – ევროპაში იწყება: რეგიონული მედიის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და დემოკრატიის უზრუნველყოფა, კორუფციასთან ბრძოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მესამე პანელზე 2020 წლის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
ევროპარლამენტის წევრის ურმას პაეტის განცხადებით საქართველოსა და უკრაინის ქვეყნებისთვის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში მხარდაჭერისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „ეს, საბოლოო ჯამში, შექმნის სტაბილურობის, დემოკრატიულობისა და ეკონომიკური გამჭირვალობის გარანტს“.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა აღნიშნა, რომ ესტონეთი მართვის ელექტრონული სისტემის ფორმირების, ადმინისტრაციული რეფორმების გატარების, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებასა თუ მედიისთვის სანდოობისა და გამჭირვალე გარემოს შექმნის საკითხებში გამოცდილების გაზიარებას სამომავლოდაც გააგრძელებს.
2016 წლიდან ევროკავშირმა 6 პარტნიორ ქვეყანას სესხების 50% -ზე მეტი შესთავაზა, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 2 000-ზე მეტმა კომპანიამ 2 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარება მიიღო. ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებს გამოიყენებს თუ არა, თითოეული ქვეყანა თავად წყვეტს.
“ყველას გვესმის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ცხადია, დღეს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა პოლიტიკურადაც და ევროკავშირთან დაახლოების ღირებულების მიხედვითაც წინ დგას, ვიდრე აზერბაიჯანი, ბელარუსია და სომხეთი”- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა და ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა.
კონფერენციაზე გამომსვლელელმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ოთხი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებმა ინსტიტუციური თუ ეკონომიკური რეფორმებისთვის ევროკავშირისგან დაფინანსების გაზრდა ითხოვეს. ევროკავშირის საგარეო ღონისძიებათა სამსახურის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს განყოფილების უფროსმა აუდრონე პერკაუსკიენემ როგორც განაცხადა; „არ ვაპირებდი ამის თქმას წინასწარ, თანამშრომლობის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში განიხილება 2020-2030 წლებისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის კიდევ უფრო გაზრდა“.
ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ევროპარლამენტს გააცნო ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი 12,5 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ მეზობლებს შორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. დაგეგმილია, ასევე, პარტნიორი ქვეყნების სატრანსპორტო განვითარება, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა და ახალი მაგისტრალების აშენება.
კონფერენციაზე როგორც ითქვა, საქართველო 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს, უკრაინა – 4,5 მილიარდს.
2016-2017 წლებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ევროკავშირის 2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებით 2000-მდე კომპანიამ ისარგებლა. 2020 წლისთვის გამოყოფენ 100 მილიონ ევროს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებმა სესხები ადგილობრივ ვალუტაში მიიღონ.
ტალინის ყოველწლიურ ფორუმზე, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ როგორც აღნიშნა, მისი ქვეყანა საჭიროებს წარმატებული საშუალო და მცირე საწარმოების სიმრავლეს და მათ განვითარებას.
„საქართველოში რამდენიმე სფეროა, სადაც ჩვენ ფინანსური დახმარება გვჭირდება. ეს არის ახალ ნორმებთან ადაპტაცია, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, მაგალითად, ისეთ სექტორში, როგორიცაა კლიმატის დაცვა და ენერგია. ჩვენ ასევე გვჭირდება დახმარება, რომ ავაშენოთ წარმატებული საშუალო და მცირე წარმოებები, წავახალისოთ ექსპორტის პოტენციალი“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა,
ევროპარლამენტის წევრმა ურმას პაეტმა, რომელიც ასევე მიწვეული გახლდათ კონფერენციაზე, განაცხადა, რომ ევროკავშირს გაუჭირდება პარტნიორი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერა, თუ მის სივრცეში კიდევ უფრო მომძლავრდნენ რადიკალური მემარჯვენე ძალები, რომელთაც მხარს უჭერს რუსეთი.
იან რეინჰოლდის თქმით, დიფერენცირებული მიდგომა მნიშვნელოვანია: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს ქვეყანას შორის ზოგი მეტად განვითარდა, მაგალითად, საქართველო და უკრაინა. თუმცა. მათთან მიმართებაშიც გასაანალიზებელია, რას მიაღწიეს, როგორ შესრულდა ევროკავშირთან ინტეგრაციის „საშინაო დავალებები“.
ინგა გვასალია