ფოთში საკრებულოს რიგით მე- 5 სხდომა ხმაურითა და ბრალდებების ფონზე გაიმართა. ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ფოთის ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახურის გაუქმება, რომელიც ქალაქში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორების მოზიდვაზე იყო პასუხისმგებელი.
მოძრაობა „შენების“, ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის პაატა ჩაგანავას თქმით, რვა თვის წინ, როდესაც ხდებოდა ამ სამსახურის შექმნა წინააღმდეგნი იყვნენ ამ გადაწყვეტილებით, „ დღეს ვხედავთ ქალაქის მერის ინიციატივით ჩამოგზავნილ რეორგანიზაციას, სადაც ხდება კონკრეტული სამსახურის გაუქმება. ამ რვა თვის მანძილზე 100 000 ლარი დაიხარჯა სამსახურის შენახვაზე, მე მაქვს კითხვა ქალაქის მერთან თუ რა საფუძველი ჰქონდა ამ სამსახურის გაუქმებას და საერთოდ შექმნას?! და ვინ არის პასუხისმგებელი 100 ათას ლარზე, რომელიც მერმა მდინარე რიონს გაატანა“- აღნიშნა ჩაგანავამ.
საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას ფოთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას სახელმაც გაიჟღერა, საკრებულოს წევრი „ ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიას თქმით, ეს იყო სამსახური რომელიც მისი დაკვეთით შეიქმნა კონკრეტული პიროვნებებისთვის, „ ბესელია როგორც კი პოლიტიკურად თქვენი გუნდიდან ჩამოალაბორანტეს, უკვე არ წარმოადგენს თქვენთვის ანგარიშგასაწევ ფიგურას და ამიტომაც გააუქმეთ ეს სამსახური“-განაცხადა ცხვიტარიამ.
msnews-ის კითხვაზე თუ სად წავიდოდა ის ოთხი ადამიანი, რომლისგანაც შედგებოდა აღნიშნული სამსახური, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებიათ 1 მარტამდე გახდება ცნობილი, თუ რომელ სამსახურებში მოხდება ამ ადამიანების გადაყვანა, თან დასძინა, რომ მშენებლობის სამსახურში შეიქმნება ახალი განყოფილება, მშენებლობის ზედამხედველობის სამსახური და არ არის გამორიცხული, რომ გაუქმებული სამსახურის თანამშრომლები ახლად შექმნილ განყოფილებაში დასაქმდნენ.