შაბ. ნოე 23rd, 2024

სახალხო დღესასწაული „საპატიო ჩხოროწყუელის“ დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. საპატიო ტიტული მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 5 ჩხოროწყუელს მიენიჭა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები, ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრები გახლდათ გამოფენილი. ტრადიციული კერძების დაგემოვნება და გამოფენების დათვალიერებას სტუმრებს დღის ბოლომდე შეეძლოთ.

ღონისძიების პროგრამის ფარგლებში, ცენტრში მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებებს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის მოსაყდრე , ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი მეუფე შიო და სხვა სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, რომლებმაც მოსახლეობასთან ერთად სახალხო სეირნობაში მიიღეს მონაწილეობა. ასევე დაათვალიერეს ქალაქის ცენტრში დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ეკლესია.

ჩხოროწყუელებისთვის სახალხო დღესასწაულმა ორმაგი დატვირთვა მიიღო, რადგან ვიცე -პრემიერმა გიორგი გახარიამ დაბა ჩხოროწყუსთვის მინიჭებული ქალაქის სტატუსის შესახებ ამცნო.

,,კოლხური შემოდგომა ’’ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.