ხუთ. ნოე 21st, 2024

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას ინფორმაციით, როგორც საქალაქო ორგანიზაციის ოფისთან განთავსებული კანდიდატის ბანერი, ისე სხვა უბნებშიც დააზიანეს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის პლაკატები. კანდიდატის ბანერს და პლაკატებს წითლად КГБ მიაწერეს.

„ეს არის დავალება და წახალისებული კონკრეტულად კობახიძის მიერ. ეს ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიდაიგივე ხელწერაა და ყველგან ერთიდაიგივე შტამბი არის გაკეთებული. ბანერს წითელი საღებავი შეასხეს და „კაგებე“ მიაწერეს. ვინც რუსეთში მიიღო განათლება, ისინი ,,კაგებეშნიკები“ არიან? თუ ასეა, ასეთი უამრავი მინისტრი ჰყავთ ხელისუფლებაში. გენერალი კვინიკაძე, მაზნიაშვილი, ილია ჭავჭავაძე, საქართველოს მტრები იყვნენ?! მათ ხომ განათლება რუსეთში ჰქონდათ მიღებული. მოღალატე ხელისუფლება ზუსტად მიიღებს იმას, რისი ღირსიცაა. მოღალატე კანდიდატი ჰყავთ, რომელმაც საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში. ეს არის ბოლო გაფრთხილება ამ ხელისუფლების და მიიღებენ იმას, რისი ღირსიც არიან. მთელ საქართველოში ერთი და იგივე ხელწერაა, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მითითებული, ვინაიდან ის გამოდიოდა ტელევიზიით და ყველას ახალისებდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გააქრონ ორბიტიდან. ვერასდროს ვერ გააქრობენ ქვეყნის მოყვარულ, თავდადებულ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან სამშობლოს. ვერ მოესწრებიან ვერც კობახიძეეები, ვერც ბესელიები და ვერც ძმანნი მათნი, რომ სამშობლოს ერთგული ხალხი გაანადგურონ“, – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

როგორც პარტიის წევრები ამბობენ, ფაქტი გვიან ღამე მოხდა, როდესაც ისინი ოფისში არ იმყოფებოდნენ. მომხდარის შესახებ აცნობეს სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.