2018 წლის 28 მაისს საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ბრიჯ ინოვაცია და განვითარება და პროექტი MOLI კახეთში, რომელიც HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება ასოციაციის მხარდამჭერი და თანადამფუძნებელია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი ჟურნალისტები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საერთაშორისო დონორი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კომერციული და საჯარო სექტორების, სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტთა წრეებისა და დარგობრივი მედიის წარმომადგენლები.
მოწვეულ სტუმრებს ასოციაციის წარმომადგენლებმა გააცნეს მიზნები, სამომავლო გეგმები და ესაუბრნენ წევრობის შესაძლებლობებზე და ფორმებზე. მათ განაცხადეს, რომ ასოციაციის კარი ღიაა აგროსფეროს გაშუქებით დაინტერესებული ჟურნალისტებისა და აგროკომუნიკატორებისათვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდა. ასოციაციის წარდგენაში მონაწილეობა მხარდამჭერებმაც მიიღეს, რომელთაც ორგანიზაციის განვითარებაში სურთ წვლილის შეტანა.
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ) არის ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანება, რომელთა წევრები ქმნიან და ავრცელებენ სასოფლო-სამეურნეო სფეროსა და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ასოციაციის მიზანია აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების მხარდაჭერა მედიის მდგრადობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობით, რომელიც საბოლოო ჯამში, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სექტორის მოთამაშეთა უკეთ ინფორმირებასა და განათლებას უკავშირდება. AGAJ დაარსდა 2017 წელს.ასოციაციის პარტნიორია აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAJ).