სამ. დეკ 3rd, 2024

„დაუბრუნეთ საგამოცდო ცენტრი ფოთს“-ამ მოთხოვნით დღეს ფოთში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილე აბიტურიენტებმა განაცხადეს, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

„ვითხოვთ აღდგეს ფოთში საგამოცდო ცენტრი. ჩვენთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არგუმენტები ყოვლად მიუღებელია. ხვალ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაია მიმინოშვილს ვხვდებით. ვნახოთ, რა პასუხი ექნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს დავიწყებთ”- განუცხადა msnews.ge-ს ერთ-ერთმა აქციის მონაწილე აბიტურიენტმა.

დღევანდელ საპროტესტო აქციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეურთდნენ. შეგახსენებთ, საგამოცდო ცენტრი ასევე გაუქმდა ოზურგეთსა და ხულოშიც.