საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სხვადასხვა მედია საშუალების 16 ჟურნალისტი უკრაინის დედაქალაქ კიევში სწორედ იმ დროს გავემგზავრეთ კონფეერნციაზე, როცა სააკაშვილის გამო იქ ვნებათა ღელვები მიმდინარეობდა, ალბათ, ამის გამოც იყო, რომ საზღვარზე მესაზღვრეებმა საკმაო ხანი შეგვაყოვნეს, მაგრამ ბოლოს პირველი არხისა და იმედის ჟურნალისტებზე მეტად ნამდვილად გაგვიმართლა და, მათგან განსხვავებით, ქვეყანაში შეგვიშვეს, როცა მოწვევა საფუძვლიანად შეისწავლეს და დარწმუნდნენ. რომ ნამდვილად კონფერენციაზე მივეშურებოდით.
კონფერენციის ძირითადი საკითხი გახლდათ დისკუსია თემაზე „ევროინტეგრაცია ეს არის…“. ჩვენთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინელმა ჟურნალისტებმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ესტონეთის ელჩმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ჟან რეინჰოლდმა. შეხვედრას ასევე უკრაინელი პოლიტიკური ექსპერტებიც ესწრებოდნენ. მოგეხსენებათ, ესტონეთი კარგა ხანია ევროკავშიროს წევრია და წელს ამ კავშირს თავმჯდომარეობს კიდეც.
ესტონეთის წარმომადგენლებმა თავიანთი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს ევრო კავშირის მნიშვნელობას და მათ როლს ამ კავშირში, ისაუბრეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის პერსპექტივებზე ამ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნეს ხსენებული ქვეყნების ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პლიუსებისა და მინუსების შესახებ. ჩვენდა სასიხარულოდ, ჟან რეინჰოლდმა როგორც აღნიშნა, ამ ქვეყნებს შორის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე დიდი პერსპექტივა გააჩნია.
დარბაზში ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს შორის მწვავე დისკუსია გაიმართა თემაზე – საჭიროა თუ არა საუბარი ევროკავშირთან პოლიტიკურ ინტეგრაციაზე და უნდა მიენიჭოთ თუ არა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ამ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ყველა ქვეყნის წარმომადგენლები შევთანხმდით ერთ საკითხზე -ევროკავშირის ჩვენთან დამოკიდებულების მიუხედავად, უნდა გავაგრძელოთ ცივილიზებული და ნორმალური სახელმწიფოს შენება.
ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა ასევე ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე პრემიერი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, უკრაინელი ფრიად სანდომიანი ქალბატონი, რომელსაც ქართველი მეუღლე ყავს. იგი ქართულად მოგვესალმა და უკრაინის მიღწევებსა და გამოწვევებზე საუბარი დაიწყო. ვიცე პრემიერი ევრიონტეგრაციის გზაზე არსებულ პერსპექტივებსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო.
„უკრაინა ნელ-ნელა იწყებს ახალ ურთიერთობას ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაცია NATO-სთანაც. ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოგრჩით თქვენ, ქართველებს… 2008 წელს, ბუქარესტში, ორივე ქვეყანას ეხებოდა ჩანაწერი, რომ გავხდებოდით ალიანსის წევრები, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, იანუკოვიჩის მთავრობამ ჩვენი პროგრესი შეაჩერა”- აღნიშნა ცინცაძემ.
სტუმარი ჟურნალისტები ადგილობრივ კოლეგებთან ერთად მედია კრიზისულ ცენტრში “STOP FAKE” მიერ მომზადებულ პრეზენტაციას დავესწარით. “STOP FAKE” ააშკარავებს დეზინფორმაციებს უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთაც.
ჟურნალისტებისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა ბაჩო ქორჩილავასთან შეხვედრაც. მან მრავალ საკითხზე გაამახვილა ყურადღება როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში მიმდინარე და უკვე მომხდარ მოვლენებზე, კერძოდ, ფერად რევოლუციებსა და რეფორმების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
ბაჩო ქორჩილავა ქართველი ჟურნალისტია, რომელიც 2005-10 წლებში უკრაინაში საქართველოს საელჩოს პრეს ატაშე გახლდათ და ამჟამად ერთ-ერთი ტელევიზიის წამყვანად მუშაობს.
შეხვედრები მეტად დატვირთული და ფრიად საინტერესო გახლდათ. ჟურნალისტებმა სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ აღმართული ბარიკადებიც მოვინახულეთ. სააკაშვილის მომხრეები კატეგორიულები არიან თავიანთი რჩეულის დასაცავად. რომ გაიგეს ქართველი ჟურნალისტები ვიყავით, გაუკვირდათ – საზღვარზე როგორ გადმოგიშვესო? ის იყო შეხვედრები დავასრულეთ და საქართველოში გამოვემგზავრეთ, რომ სააკაშვილის დაპატიმრების ამბავი ფეხდაფეხ მოგვყვა. უკვე საქართველოში კი მისი სასამართლო პროცესიც ვიხილეთ და გათავისუფლებაც.