ფოთში კაცაძის ქუჩაზე მდებარეობს ერთი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ორი ოჯახი ცხოვრობს. სახლი მთლიანად ამორტიზებულია, მხოლოდ ის ადგილიღაა
დარჩენილი, სადაც, როგორც აღვნიშნეთ, ორი ოჯახი ყოველდღე სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში აგრძელებს ცხოვრებას, რადგან არსად წასასვლელი არ აქვთ. როგორც იქაურები ამბობენ, სახლი არა მარტო იქ მაცხოვრებლებისთვის წარმოადგენს საფრთხეს, არამედ ქუჩაში გამვლელთათვისაც. აქ ხშირად შემოდიან ბავშვები სათამაშოდ და რადგან სახლი ზღვის პირასაა, დამსვენებლები იყენებენ მას გასახდელადაც. არადა, სახლის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საშიშროება არსებობს და უბედური შემთხვევაც გამორიცხული არ არის.
ამ სახლის შესახებ msnews.ge წინათაც წერდა და ამჟამად საქმე გაცილებით ცუდადაა და შენობის მდგომარეობაც უფრო სავალალოა. შტორმმა და ქარმა სახლი მთლიანად დაანგრია. სახლს, უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა ნანგრევებს არ გააჩნია სახურავი, გარდა იმ ადგილისა, რაც მოსახლეებმა საკუთარი ძალებით შეაკეთეს. არც იატაკი არსებობს. გასულ წელს იატაკის ჩანგრევის გამო გეგეჭკორების 14 წლის შვილი დაშავდა.
კაცაძის ქუჩაზე ხის მასალისგან აშენებული ექვსი საცხოვრებელი კორპუსი დგას. რამდენიმე წლის წინ ხუთ მათგანს რემონტი ჩაუტარეს, ზემოხსენებულ სახლს კი არ დაადგა საშველი იმიტომ, რომ უკვე მაშინ იგი რემონტსაც არ ექვემდებარებოდა.
აღნიშნულ სახლში მიქაძეების ორსულიანი და გეგეჭკორების სამსულიანი ოჯახები უკვე 30 წელზე მეტია ცხოვრობს. აქედან 20 წელია სახლი ამორტიზებულია. სახლის მაცხოვრებლები ყველა ადგილობრივ ხელისუფლებას ერთსა და იმავე მოთხოვნას უყენებენ – დააკმაყოფილონ საცხოვრებლად ვარგისი ბინებით ან გადაუხადონ კომპენსაცია.
მიქაძეების ოჯახს ბინა პრივატიზებული აქვს. გეგეჭკორის ოჯახმა, სახლის ყიდვა კი მოახერხეს, მაგრამ საკუთრებაში არ აქვთ, რადგან სახლის ყოფილი მეპატრონე, რუსი ქალი, თანხის აღებისთანავე სამშობლოში დაბრუნდა, და სახლი ახალ მესაკუთრეებს არ გადაუფორმა.
msnews.ge – ის ჟურნალისტების გამოჩენას მობინადრეები დიდი აგრესიით შეხვდნენ:
” სახლი ნელ-ნელა თავზე გვენგრევა და შიგ მოყოლის საშიშროების ქვეშ ვართ ყველანი. ძილი დაგვეკარგა შიშით და მოსვენება. ამდენი წელია, ვიძახით და კაციშვილს ვერაფერი გავაგებინეთ. წინა არჩევნებზე ბესელიამაც აფრქვია ბრტყელ-ბრტყელი დაპირებები, მაგრამ დამთავრდა ამით. არჩევნების დროს გავახსენდებით ხოლმე პოლიტიკოსებს, როცა თითო ხმაც საჭიროა. მერე კი ვინ ხარ, ვის ჭირდები”- ხმამაღალი ტონით გვითხრეს განერვიულებულმა ქალბატონებმა და კარები ცხვირწინ მოგვიხურეს. როგორც გავიგეთ, აღნიშნული კორპუსი ფრიად “პოპულარული” ყოფილა და მნახველ-დამსურათებლებიც მრავლად ყოლია.
როგორც გავარკვიეთ, მდგომარეობას ადგილზე გაეცნო ჯანდაცვისა და სოცდაცვის სამსახურის უფროსი მაია მაკალათია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მობინადრეებს ბინების დაქირავება ურჩია და 6 თვის ქირის გადასახადის გადახდას დაპირდა, რაც მობინადრეებისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა, რადგან 6 თვის შემდეგ, როგორც თქვეს, შესაძლოა, ისევ ქუჩაში დარჩნენ. როგორც თამარ მიქაძე ამბობს: “ექვსი თვის მერე სად უნდა წავიდე? ეს ჩემი საკუთრებაა და ქირით რატომ უნდა ვიცხოვრო, ან მაქვს ქირის გადასახდელი, რატომ არ კითხულობენ? ან ის ექვსი თვე გადამიხდიან, ამის გარანტიაც არ მაქვს. გვითხრეს, 6 თვის მერე რამეს მოგიხერხებთო. იმდენი დაპირება მაქვს მოსმენილი, ნახევარიც რო აესრულებინათ, რა გვიჭირდა. ხუთოთახიანი ბინა მქონდა და ორ პატარა ოთახში ვარ ამჟამად”.
დალი გეგეჭკორმაც დაადასტურა, რომ ასეთი შეთავაზება არსებობს, მაგრამ მეზობელივით ისიც სკეპტიკურადაა განწყობილი.
“გვითხრეს, ნაბადაში, სადაც მესაზღვრეები არიან და დევნილები იყვნენ ადრე ჩასახლებული, საცხოვრებელ ფართს მოგცემთო. კარ-ფანჯარა აქვს და იატაკზე ლინოლეუმს დაგიგებთო. არ მინახავს არ ვიცი რა ბინაა და ვერაფერს ვიტყვი.”
მაია მაკალათია როგორც ამბობს, მუნიციპალიტეტს მხოლოდ იმის შესაძლებლობა აქვს, რომ ასეთ სიტუაციაში მყოფ მოქალაქეებს 6 თვით დაუქირავოს ბინა: “უნდა გითხრათ, რომ ბევრი მოქალაქეა ასეთ რთულ მდგომარეობაში. ისეთებიც არიან, საერთოდ რომ არ აქვთ თავშესაფარი. მაკალათიამ საუბარში ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ადგილობრივმა მთავრობამ გასულ წელსაც განიხილა ეს საკითხი და განხილვას აღნიშნული ბინის მობინადრეეებიც ესწრებოდნენ და 6 თვიანი ქირის გადახდის სხვაგან ცხოვრებაზე მაშინაც უარი განაცხადეს. პირადი საუბრიდან გავიგე, რომ მათ გარანტიები უნდოდათ. ხელშეკრულების გაფორმება თავისთავად გარანტიას არ ნიშნავს? ექვსი თვის შემდეგ რამეს მოვიფიქრებდით. მათ ნაბადაში ვთავაზობთ ბინებს. კარიც აქვს ბინებს და მეტალოპლასტმასის ფანჯარა. იატაკზე ლინოლეუმია დასაგები და ამასაც გავაკეთებთ. ქირით გადასვლა რომ შევთავაზე დალი გეგეჭკორმა მითხრა: `ამდენ გადასვლა-გადმოსვლაში კარადა დამეშლებაო. ვნახე ის კარადაც – ძველი, შეკეთებული კარადაა. მართალია, ალბათ მისთვის ძვირფასია, მაგრამ მათი სიცოცხლე გაცილებით ძვირფასია. პირველადი მოხმარების საგნებს კი მათ კრიზისული ცენტრი გადასცემს”.
ექვსთვიან ქირის გადასახადზე მიქაძეები სასტიკი წინააღმდეგები არიან. ტრისტან მიქაძე 5 ოთახიანი ბინის შემდეგ 6 თვიანი შეღავათით ანუ ქირის გადახდით უკმაყოფილოა: “5 ოთახიანი ბინა მქონდა და რაში მაწყობს 6 თვის ქირა? მერე რა ვქნა? თავშესაფრის გარეშე დავრჩე? რეესტრში გატარებული საკუთარი ბინა მქონდა. ან ბინით დამაკმაყოფილონ ან ფული მომცენ. არც მიგდებულ ადგილას გადავალ. არის კიდევ სხვა გამოსავალი- ჩემი კუთვნილი 5 ოთახიდან ნახევარზე მეტი მონგრეულია, მაგრამ სანიშნეებია დარჩენილი. მათ ადგილზე საკუთარი სახსრებით ავაშენებ ოთახებს, რამდენიმე წლის წინ მივმართე მერიას და მითხრეს, ეს კერძო საკუთრებაა და ქირის გარდა ვერაფრით დაგაკმაყოფილებთო. ჩვენს ქალაქს არც ისე უჭირს, ორი ოჯახი ვერ დააკმაყოფილოს”.
ორივე მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველია. თუმცა ქულები მაინც მაღალია ისე, რომ ჯანდაცვის უფროსსაც კი გაუკვირდა:
“იქ, სადაც არც ჭერია არც იატაკი, და კედლებიდან გარე პერიმეტრის დანახვა შეიძლება, ასეთი მაღალი ქულები გასაკვირია. სახელმწიფომ ნამდვილად უნდა შეცვალოს რაღაც და უფრო მორგებული სისტემა შექმნას. დახმარებას დახმარება უნდა დაერქვას”.
დანგრეულ ბინებში მცხოვრებთ დღეისათვის 50 ლარიანი დახმარება ეძლევათ. დალი გეგეჭკორს ადრე 160 ლარიანი დახმარება ქონია და 100 ლარამდე დაუყვანიათ. როგორც ამბობს, ქულების მომატება და დახმარების დაკლება მისი შვილის “ბევრილში” მცირეხნიან მუშაობას უკავშირდება.
ივეტა პაჭკორია