„საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ადაპტირებას განსაკუთრებით არჩევნების დროს ნაკლები ყურადღება ექცევა.
ეს იგრძნობა, როცა აღნიშნულ პირებს ხმის მიცემა პრობლემად ექცევათ ხოლმე“- გვითხრა ფოთის ყრუთა და სმენადაქვეითებულთა კავშირის თარჯიმანმა ზვიად ჯანელიძემ.
როგორც კავშირის წევრებთან შეხვედრისას აგვიხსნეს, ნაკლებად, ან საერთოდ არ არიან ინფორმირებული არჩევნების შესახებ, არ იცნობენ კანდიდატებს, მათ პროგრამებს და არ იციან როგორ აირჩიონ სასურველი კანდიდატი.
კავშირის თარჯიმანმა აგვიხსნა თავისი წევრების დამოკიდებულებაც: „ჩვენი წევრები, ძირითადად, არ არიან გაცნობიერებული არჩევნების შესახებ და ხშირ შემთხვევაში, არც ღებულობენ მასში მონაწილეობას. კარგი იქნებოდა კანდიდატები შშმ პირებსაც თუ გაითვალისწინებდნენ და გააცნობდნენ პროგრამებს, გაესაუბრებოდნენ. კარგი იქნებოდა, გარკვეული ტრენინგი ჩაუტარდეთ ასეთ პირებს, რათა იგრძნონ, რომ საზოგადოების სრულყოფილი წევრები არიან და მათ ხმასაც მნიშვნელობა აქვს“.
სმენადაქვეითებულმა ნატო გოგოლმაც იგივე პრობლემა წამოჭრა ჩვენთან საუბარში: „საერთოდ არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ არა პროტესტის გამო, არამედ არ ვიცი, რა არჩევნებია, ვინ ავირჩიო და როგორ. კარგი იქნებოდა, ჩვენთვისაც მოეცალა ვინმეს, პატარა შეხვედრა მოეწყო და მოეწოდებინათ საჭირო ინფორმაცია“. როგორც გავარკვიეთ ფოთში 29 ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანია.
მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან უსინათლოებიც. არც მათ გააჩნიათ საჭირო ინფორმაცია არჩევნების შესახებ. როგორც საქართველოს უსინათლოთა კავშირის ფოთის ფილიალის წარმომადგენელმა ირაკლი თოლორდავამ გვითხრა: „ჩემი კაშირის წევრთა უმრავლესობა ვერ მიდის არჩევნებზე და ვერ აძლევს ხმას. მართალია, უბნებზე აქვთ შესაძლებლობა, ბრაილის შრიფტის საშუალებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ არ იციან ამ შრიფტით სარგებლობა. ალბათ, ძალიან ცოტა თუ ახერხებს თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოხდას. ვისაც ოჯახის წევრი გაყვება და დაეხმარება, ხომ კარგი, თუ არა, მათი ხმები იკარგება“.
თოლორდავამ ისიც გვითხრა, რომ ფოთში დაახლოებით 55 უსინათლოა, მათგან, სამწუხაროდ, მხოლოდ ოთხმა იცის ბრაილის შრიფტი. მისივე თქმით, სახელმწიფომ უპირველესად უნდა იზრუნოს ასეთ ადამიანების ამ კუთხით დატრენინგებაზე.
ჩვენ დავინტერესდით, რა მდგომარეობაა საარჩევნო უბნებზე შშმ პირებისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. #70 ფოთის საოლქო-საუბნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაიამაც დაგვიდასტურა, რომ შშმ პირებისათვის, კონკრეტულად კი უსინათლოებისათვის, სპეციალური ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საარჩევნო ბიულეტენები არსებობს. მან ისიც აღნიშნა, რომ იციან უბნებზე არის თუ არა შშმ პირები, მაგრამ ისიც გვითხრა, რომ დადგენილი არ გახლავთ აღნიშნულ პირთა ზუსტი რაოდენობა. როგორც როდონაიამ აგვიხსნა, ასეთი ადამიანები, ძირითადად, გადასატანი ყუთით სარგებლობენ და არ მოდიან უბნებზე ხმის მისაცემად. ან თუ მოდიან, თან ახლავთ ოჯახის რომელიმე წევრი, რომელიც ეხმარება მათ არჩევანის დაფიქსირებაში.
რაც შეეხება ინფორმაციის ნაკლებობას, როდონაია ამ საკითხს კატეგორიულად არ დაეთახმა. როგორც მან აღნიშნა: „ცესკოს მიერ სპეციალური თარჯიმნის მეშვეობით გაკეთებული საარჩევნო სარეკლამო ინფორმაციები ხშირად გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ცესკო ზრუნავს მათი ინფორმირებულობისათვის და იმის თქმა, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში კი ცესკო, არაფერს აკეთებს ამ კუთხით, სიმართლეს არ შეეფერება“.
როგორც გავარკვიეთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდი სრულად ხელმისაწვდომია უსინათლოებისთვის. მათ შეუძლიათ გადაამოწმონ, არიან თუ არა სიაში. წელს პირველად დაინერგა აპლიკაცია – ვიდეო ზარის საშუალებით ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლები ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორისგან საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ. ასევე, ყველა პრესკონფერენცია, რომელსაც ცესკო არჩევნების დღეს გამართავს, ეთერში ჟესტური ენის თარჯიმნის საშუალებით გადაიცემა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შშმ ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია:
-უსინათლო ამომრჩევლებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო;
-მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე ორი ცალი გამადიდებელი ლინზა;
-ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის – ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;
-ყრუ ამომრჩევლებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი.
რა მდგომარეობაა უბნებზე ეტლით მოსიარულე პირებისთვის? – როგორც საოლქოში გვითხრეს, პანდუსები 32 უბნიდან მხოლოდ 6 უბანშია და ისიც არა იმიტომ, რომ სპეციალურად ასეთი პირებისთის გაკეთდა, არამედ ეს უბნები სკოლებშია განთავსებული, სადაც თავისთავადაა პანდუსები გათვალისწინებული. სადაც პანდუსები არ არის, ასეთი პირები გადასატანი ყუთით ისარგებლებენ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოასწრებენ დარეგისტრირებას, რადგან, როგორც როდონაიამ გვითხრა, წინა არჩევნებზე ეტლით მოსარგებლე მოქალაქემ ვერ მოასწრო დარეგისტრირება და დაირღვა მისი უფლება.
არაადაპტირებულ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიის“ ხელმძღვანელი ნონა ხუხიაც: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უბნების შესაბამისად მოწყობა საოლქოების პრეროგატივაა. ამ მხრივ, ფოთში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. სულ რამდენიმე უბანზეა პანდუსები მოწყობილი. მართალია, უბნებზე ბრაილის შრიფტიც აქვთ, მაგრამ სამწუხაროდ, არცოდნის გამო, ვერ სარგებლობენ . კარგი იქნება არჩევნებამდე ზრუნავდნენ კონკრეტული ორგანიზაციები, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის შესაბამისი გარემო შექმნან, ჩაუტარონ ტრენინგები, რათა შეძლონ ბრაილის შრიფტის გამოყენება. თითქოს, ასეთი პირების საზოგადოებაში სრული ადაპტირებისათვის თვით საზოგადოება არ არის მზად. ჩვენ უნდა შევისისხლხორცოთ, რომ შშმ პირები ჩვენი საზოგადოების სრულყოფილი წევრები არიან და მათ ისეთივე უფლებები გააჩნიათ, როგორც სხვებს“.
ინგა გვასალია
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.