ამ ბოლო დროს ფოთელთა გარკვეულ წრეებში აქტუალობა შეიძინა ფოთის ფაზისად ,,გადაკეთების,, იდეამ, რასაც მხარს უჭერს ფოთის საზოგადოების ერთი ნაწილი,
მეორე ნაწილი კი კატეგორიულად წინააღმდეგია. მოწინააღმდეგეთა რიცხვს განეკუთვნება ირაკლი მოწერელია, ფოთის ყოფილი ვიცე-მერი.
-ბატონო ირაკლი, ამ ბოლო დროს გააქტიურდა ფოთისათვის სახელის გადარქმევის საკითხი, ანუ დაუბრუნდეს ისტორიული სახელი ,,ფაზისი,,. ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვებაც კი დაიწყო ქალაქში, როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?
-მე ვიცნობ ამ სათაურით შედგენილ დოკუმენტს, რომელიც გაიგზავნა პრემიერ-მინისტრის სახელზე ჯერ კიდევ 2016 წელს და რომლის ინიციატორები არიან ფოთის მუნიციპალიტეტის სათათბირო და ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემია. ვიცნობ სხვა მასალებსაც, რომელიც პერიოდულად ქვეყნდება მედიასაშუალებებით. ამ იდეის ცალკეული მომხრეები ზოგჯერ, რატომღაც, აგრესიულ და ვულგარულ გამონათქვამებსაც კი იყენებენ მოწინააღმდეგეთა მიმართ. განსხვავებული აზრი რატომ უნდა იწვევდეს გაღიზიანებას, ჩემთვის გაურკვეველია, მით უმეტეს, რომ ფოთის ,,გაფაზისებას,, მრავალათასიანი მომხრე ნამდვილად არ ყავს.
-რა გაქვთ მხედველობაში?
-მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ ფოთისათვის სახელის შეცვლის და არა აღდგენის, რადგან ფოთს ფაზისი არასოდეს რქმევია, ინიციატორებმა დახმარებისათვის ,,ყავარჯენი,, მოიშველიეს მერიის თანამშრომელთა სახით, რომლებმაც 200 ხელმოწერა შეაგროვეს ხვეწნა-მუდარით, კარდაკარ შემოვლით. ქალაქის მერმა კი დაუშვა, რომ საჯარო მოსამსახურეები ჩარეულიყვნენ ამ საკითხში, რაც მათი საქმე ნამდვილად არ არის. მე წავიკითხე პროფესორ თემურ ფაჩულიას წერილი, რომელიც თქვენს გაზეთში გამოქვეყნდა და სავსებით ვიზიარებ მის პოზიციას. მეც არ ვემხრობი ფოთის ფაზისად გადარქმევას.
-ხომ არ დააკონკრეტებთ თქვენს მოსაზრებას?
-უწინარესად აღვნიშნავ, რომ ქალაქის სახელის შეცვლა განიხილება როგორც ტოპონიმ ,,ფოთის,, ტოპონიმ ,,ფაზისით,, ჩანაცვლება ან ტოპონიმ ,,ფაზისის,, ტოპონიმ ფოთის დამატებად შემოტანა ,,ფოთი – ფაზისი,,. საერთაშორისო პრაქტიკა მოწმობს, რომ ამ დროს მთავარია ცვლილების მოტივაცია; მოტივაციას არჩევენ პოლიტიკურს, ეროვნულს, ეკონომიკურს და მათ იყენებენ არა საკუთრივ ისტორიული პროცესების, არამედ ისტორიული პროცესების შედეგად დამდგარი მოცემულობის შესაფასებლად.
მოცემულობა კი ასეთია: ტოპონიმი ფოთი, მეგრულად ფუთი, VIII საუკუნეში ანუ 1300 წლის წინ გაჩნდა, სხვა წყაროებით XI საუკუნეში, ანუ 1000 წლის წინ. ზოგიერთი ავტორის ცნობით კი, ფაზისზე ადრე და როგორც წარმოშობით ქართული სახელი, დამკვიდრდა კიდეც. ეს ფაქტი უაღრესად მნიშვნელოვანია.ტოპონიმი ,,ფაზისი,, გაჩნდა V, არაუგვიანეს VI საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც მილეტელმა ბერძნებმა ამ სახელწოდების ქალაქი დააარსეს, როგორც ემპორია, ბერძნული ძალის საყრდენი კოლხეთში. ტოპონიმი ფასისი, შემდგომ ფაზისი, ძველბერძნული ენისა და რომაელების გავლენით არის ნაწარმოები და ქართულ ენას არ უკავშირდება.
მაშასადამე, დღეს ჩვენ გვაქვს თანამედროვე ქალაქად ჩამოყალი¬ბებული ფოთი და ადგილობრივი ტოპონიმი ფოთი. არ გვაქვს ქალაქი ფასისი, ფაზისი უცხო ენებიდან ნაწარმოები ტოპონიმით ფასისი, ფაზისი. ამდენად, ეროვნული მოტივაცია ფოთის სასარგებლოდ მეტყველებს ისევე, როგორც პოლიტიკური, რადგან მისი ჩანაცვლების მცდელობა მთელი 1300 წლის განმავლობაში არ აღნიშნულა. მაშინაც კი, როდესაც საქართველოში დასახლებული პუნქტების სახელების შეცვლამ ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო. საკმარისია, გავიხსენოთ რაიონული ცენტრები: ცხაკაია, მახარაძე, ორჯონიკიძე, მაიაკოვსკი, წულუკიძე, სტალინირი, ლენინგორი. პროცესს პოლიტიკური მოტივაცია ედო საფუძვლად. ამავე და მასთან ერთად ეროვნული მოტივაციით ჩამოთვლილ ქალაქებს აღუდგათ ადგილობრივი, ადრევე დამკვიდრებული ტოპონიმები: სენაკი, ოზურგეთი, ხარაგაული, ბაღდათი, ხონი, ცხინვალი, ახალგორი.
ბუნებრივია, მხარდასაჭერია ადგილობრივი ტოპონიმი ფოთი და არ არის საჭირო მისი ჩანაცვლება გამქრალი ქალაქის სახელწოდებით. მით უმეტეს, რომ ფოთი არასოდეს განიხილებოდა ფაზისის არც ადგილმონა-ცვლედ, არც უფლებამონაცვლე სუბიექტად.
ეკონომიკური თვალსაზრისითაც არ არის ეს ცვლილება გონივრული, ვინაიდან შესაცვლელი იქნება რუკები, საზღვაო რუკები, ფოთის მოსახლეობის და ფოთთან დაკავშირებული დაწესებულებების, ფირმების, ინსტიტუციების სარეგისტრაციო დოკუმენტები, ყველა სახის სატრანსპო¬რტო ცნობარები, საგზაო ფირნიშები და სხვ. ეს კი სოლიდური ხარჯებია, რომელიც ბიუჯეტს დააწვება და საგრძნობლად შეამსუბუქებს გადამ¬ხდელთა ჯიბეებს, მათ შორის ფოთის ,,გაფაზისების” ,,მრავალათასიან” მხარდამჭერთა ჯიბეებსაც, რომლებსაც ეს არ უნდა დაავიწყდეთ, თუკი ვინმე, თუნდაც ამ მოტივით, არ გაიზიარებს მათ ინიციატივას.
-თუ ხალხმა გადაწყვიტა ქალაქის სახელის შეცვლა, როგორც ამას ქალაქის მერი აცხადებს, მაშინ რა მოხდება?
-საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გეოგრაფიული ადგილის სახელის შეცვლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს, რომლის წარდგინებას პარლამენტი განიხილავს. მანამდე კი, საკითხი აპრობაციას გაივლის საკრებულოში, შემდეგ კი სახელმწიფო კომისიაში. ეს კი სულაც არ არის უბრალო ფორმალობა. ,,ხალხის” მონაწილეობა კი საკითხის გადაწყვეტაში კანონით არ არის გათვალისწინებული, ანუ ამას არ ჭირდება პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარება. კარდაკარ სიარული გამოკითხვის მიზნით და შემდეგ სიების შედგენა საკითხის გადაწყვეტაში ,,ხალხის” მონაწილეობას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქის მერი, ფაზისის საერო- სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი ირაკლი კაკულია შეუდგა ქალაქის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი სათათბიროსა და ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემიის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომელიც მის მიერ დაფიქსირებულია 2015 წლის 16 მარტის #1-08/550 და 2016 წლის 26 ივლისის #1-03/2207 მერიიდან გასული წერილებით და თავის ასაკოვან თანამოაზრესთან ერთად შეუდგა ,,ხალხის დარაზმვას,, ფოთის ფაზისად გადარქმევის იდეის გარშემო. ,,ხალხის მოთხოვნის,, ილუზიის შესაქმნელად, ასე ვთქვათ, თვალის ასახვევად. აქ უპრიანია ისიც ითქვას, რომ ამით იგი თავის საარჩევნო დაპირების შესრულებას ცდილობს.
-რა გაქვთ მხედველობაში?
-მხედველობაში მაქვს ვიდეო რგოლი, რომელიც კარგა ხანს ტრიალებდა ინტერნეტ სივრცეში, სადაც ბატონი ირაკლი კაკულია პირდებოდა ამომრჩევლებს ,,ლეგენდების გაცოცხლებას,, და გვაუწყა – ,,ფაზისი ხომ ხოხობს ნიშნავს,, (ციტატა მისია). ოღონდ დღემდე არ განუმარტავს, რომელ ენაზე ნიშნავს ფაზისი ხოხობს და რატომ არის ეს ქალაქ ფოთის სახელის შეცვლის საფუძველი, ან ფაზისი ხოხობს თუ ნიშნავს, ,,ფაზისობა,, რაღაა – ,,ხოხობობა,,? რაც არ უნდა ითქვას, მნიშვნელობა მხოლოდ იმ კრიტერიუმებს აქვს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე და არა ამ კრიტერიუმებს აცდენილ განცხადებებს, მერის განცხადებების ჩათვლით, ისევე როგორც ყოფილი ფუნქციონერების პოზიციას, რომელიც მათ დაიკავეს სახელისუფლებო სტრუქტურებიდან წასვლის შემდეგ, გვთავაზობენ ფოთის გაიგივებას ფაზისთან და წარსულის ქართველი მეცნიერების, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეებისაგან განსხვავებით, ფოთის სახელდების შესაცვლელად იწყეს გარჯა, ზოგმა ფარულად, მაგრამ ყველამ ერთად აგრესიულად.
-რამდენადაც ცნობილია, ,,ფაზისის” მომხრეებს მრავალი ისტორიული წყარო მოყავთ არგუმენტად…
-საქმეც მაგაშია. წყაროები ისტორიული კი არის, მაგრამ ამ შემთხვევაში დღის წესრიგისათვის მნიშვნელობა მხოლოდ ტოპონიმს, მის წარმომავლობას ენიჭება და არა იმას, თუ რას წერდა ფაზისის შესახებ სტრაბონი, რა ჩანაწერები დატოვა რომაელმა დიდმოხელე არიანემ, როგორ და რა მიზნით აღმოჩნდა კოლხეთში პომპეუსი, რას ასწავლიდნენ ფაზისის რიტორიკულ აკადემიაში და როდის რა ენაზე მეტყველებდნენ იქ. როდის ააშენეს არტემიდას ტაძარი, ვინ იყვნენ მითიური არგონავტები, ფაზისის დამაარსებელი ბერძენი თემისტაგორა და ა.შ.
ეს თემები დიდი ხანია ცნობილია და მათ გამო არავინ დავობს. სამეცნიერო დავის თემა შეიძლება იყოს ფაზისის ლოკალიზაციის საკითხი, მათ შორის აჭარაში მოღვაწე მკვლევარებთან, მაგრამ ეს არ შეიძლება არგუმენტად ჩაითვალოს ქალაქ ფოთის სახელის შესაცვლელად. არც გრგვინვაა საჭირო იმის გამო, რომ სადღაც ვიღაც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ისეთ ბუნდოვან საკითხზე, როგორიცაა ფაზისის ლოკალიზაციის თემა. საერთოდაც, როდესაც ყოფილი ან მოქმედი ფუნქციონერი, არაპროფესიონალი, წმინდა ისტორიულ საკითხებში იჭრება, ფრთხილად უნდა იყოს, რომ იმ სპილოს არ დაემსგავსოს, რომელიც შემთხვევით საბაყლო ჯიხურში აღმოჩნდა.
-პერიოდულად გაისმის, რომ კოლხეთის კვლევის საქმე ნაცარმიყრილია და ფოთის ფაზისად გადარქმევას ესეც უშლის ხელს. რას იტყოდით ამაზე?
-ვიტყოდი, რომ ეს არის უტაქტო, მოუზომავი და უმართებულო ნათქვამი. ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მათ შორის კოლხეთის ისტორიის კვლევა გრძელდება და არც შეწყვეტილა არასოდეს. თუმცა, ქალაქ ფოთის ისტორიის კვლევას ყურადღება ნამდვილად აკლია, სხვაგვარად მისი ,,გაფაზისების,, საკითხი არავის მოუვიდოდა აზრად, არც ზოგადსაგანმანა¬თლებლო სკოლების ცრუ საიუბილეო თარიღების აღნიშვნა მოხდებოდა, არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის, ყოფილი ტელეკომპანია ,,ფაზისის,, უშიშროების სამმართვე¬ლოს შენობები და მიქიაშვილების სახლი აღმოჩნდებოდა სავალალო მდგომარეობაში. ისიც გვეცოდინებოდა, რომ სიტყვა ფაზისი ფოთის სინამდილეში პირველად მხოლოდ 1957 წელს გაჩნდა, როდესაც იგი ყოფილ ვოროშილოვის ქუჩას ეწოდა და ქალაქის ,,გაფაზისების,, ერთი შეხედვით უწყინარი პროცესი აქედან იღებს სათავეს.
მომდევნო პერიოდში იყო ამავე სახელწოდების კატარღა ნავსადგურის ფლოტში, სასტუმრო და რესტორანი, მხატვრული კოლექტივი, ტელეკომპანია, იერარქიული საქალაქო ,,დღესასწაული,, სასტუმრო ,,აიეტი,, ლიმონათი ,,არგო,, სახალხო აკადემია. დღეს კი ეს პროცესი შორს წავიდა. სასურველია, უფრო შორს არ წავიდეს. თუმცა, ეს სხვა თემაა და სხვა დროისთვის გადავდოთ.
-შეუწყობს თუ არა ხელს ტურიზმის განვითარებას ფოთის ფაზისად გადარქმევა?
-ფოთი იმ დღეს იქცევა ტურიზმის მექად თუკი დაიჯერებენ, რომ აქაური კოღოებისაგან დაკბენილ ადამიანს კიბო არასოდეს არ შეეყრება. აი, მაშინ, არც სასტუმროებს დაჭირდება სასწრაფოდ აშენება, არც ინფრასტრუქტურის განვითარება, არც ქალაქს სახელის შეცვლა. მწერალი იტყოდა ,,მთელი დუნია,, აქ მოიყრის თავს და ჩვენც რიგითი ფოთელები, ისევე როგორც ,,გულმხურვალე ფაზისელები,, გავმდიდრდებით და დიდხანს ბედნიერად ვიცხოვრებთ.