ფოთის ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველთა სიებს აკრიტიკებენ და ამტკიცებენ,რომ სიები,მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად,არასრულყოფილია,
„მკვდარი სულები“ კი არჩევნებში ისევ „მონაწილეობენ“.
სიების დაზუსტების ვადა 22 სექტემბერს იწურება. მანამდე, ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, შეამოწმოს არის თუ არა საარჩევნო სიაში და არარსებობის შემთხვევაში, განცხადებით მიმართოს საუბნო ან საოლქო კომისიას.
ბურჭულაძის პარტია – “სახელმწიფო ხალხისთვის” ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ზაურ კინტირაია ამბობს: „სიები ჯერ დამუშავების პროცესშია და საბოლოო სახე არ აქვს. უამრავი გარდაცვლილი ადამიანი არ გახლავთ ამოღებული, რაც ხარვეზების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. სიების დამუშავების პროცესში, აღმოჩნდნენ ისეთი ამომრჩევლები, რომლებიც საერთოდ არ ცხოვრობენ რეგისტრაციის ადგილზე“.
იგივე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვახტანგ დარცმელიძე: „ჩვენი პარტიაც კოორდინატორების მეშვეობით აქტიურად მუშაობს სიების დაზუსტებასა და ხარვეზების აღმოფხვრაზე. მიცვალებულების სიებში ყოფნა, უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და გამოუსწორებელ პრობლემად რჩება. სიებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ცხოვრობენ ფოთის ტერიტორიაზე, მეტიც, სიებში გვხვება ასევე არარსებული მისამართები. არიან ისეთ ამომრჩევლებსაც, რომლებიც წინა არჩევნებზე სიებში იყვნენ, ახლა კი ვეღარ იპოვეს თავისი თავი. ჩვენ მათ ვურჩევთ, თავიდან დარეგისტრირდნენ ამომრჩევლებად, რათა შეძლონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა. ვიცით, რომ ასეთი არც ერთი ამომრჩეველი ჯერჯერობით სიაში არ შეუყვანიათ. როგორც კი დავასრულებთ სიებში არსებული ხარვეზების შესწავლას, ჩვენი პარტია ბრიფინგის მეშვეობით გაააცნობს ამ ხარვეზებს საზოგადოებას“.
დანარჩენი პოლიტიკური პარტიებიც ანალოგიურ ფაქტებზე საუბრობენ და იმასაც ამატებენ, რომ საოლქო კომისია ამ ხარვეზების არათუ გამოსწორებას აპირებს, საერთოდ არ რეაგირებს ოპოზიციონერთა შენიშვნებზე.
როგორც #1 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზაზა ღადუა ამბობს, კომისიის წევრებმა საინფორმაციო ბარათები უკვე დაარიგეს. სიებში არსებულ ხარვეზებზე თავადაც საუბრობს. როგორც მან აღნიშნა: „არის შემთხვევები, როცა რეგისტრირებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს ამომრჩეველი,რადგან ბინა გაყიდული აქვს. ასეთ ფაქტებს შემდეგი რეაგირებისთვის საოლქოს ვატყობინებთ. ასეთი ასამდე შემთხვევა აღმოვაჩინეთ. ჩვენს უბანზე 1461 ამომრჩეველი გახლავთ რეგისტრირებული. არ გვქონია შემთხვევა, ამ უბანზე მცხოვრებ ამომრჩეველს სიაში თავისი გვარი ვერ ეპოვოს; თუმცა არის ფაქტები, რომ აქ ცხოვრობენ, მაგრამ სხვა უბანზე არიან რეგისტრირებულნი. ისინი ჩვენთან აცხადებენ პრეტენზიას – დიდი ხანია აქ ვცხოვრობთ და რატომ არ ვართ სიაშიო. ასეთებს მინდა ვუთხრა, აქ დასარეგისტრირებლად უნდა მიმართონ საოლქოს, ან, სადაც არიან რეგისტრირებულნი, იქ უნდა მიიღონ მონაწილეობა“.
რაც შეეხება მიცვალებულებს, ღადუას თქმით, ასეთ შემთხვევას მათ უბანზე ადგილი არ ჰქონია.
მსგავსი პრობლემა აღმოჩნდა #8 საარჩევნო უბანზე. უბნის მდივანი, ნათია მურვანიძე ამბობს, რომ ბარათების დარიგებისას, სიებში აღმოჩნდნენ მოქალაქეები,რომლებიც წლებია, საქართველოში აღარ ცხოვრობენ და ასეთ შემთხვევებს, როგორც წესი, საოლქოს აცნობებენ. მურვანიძემ ასევე ამომრჩეველთა აქტიურობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რამდენიმე ამომრჩეველმა უკვე გადაამოწმა სიაში საკუთარი მონაცემები.იყო შემთხვევებიც, როცა ამომრჩეველს ტექნიკური ხარვეზის გამო, ბარათი არ მიუვიდა, მაგრამ საარჩენო სიაში რეგისტრირებულია.
#30 სარჩევნო უბნის მდივნის ქრისტინე ედიბერიძის თქმით: „უბანზე 1300 ამომრჩეველია. აქედან 250 ბარათი მისამართების უზუსტობის ან მოქალაქეთა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის გამო, საოლქოში დაბრუნდა. სხვა მისამართზე რეგისტრირების ორადორი შემთხვევა აღმოჩნდა. რაც შეეხება მიცვალებულებს, ასეთი ერთი შემთხვევაა,როცა ამომრჩეველი უკვე ბარათების დარიგების შემდეგ გარდაიცვალა,მაგრამ განცხადებით არავინ შემოსულა“.
#70 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია არ უარყოფს სიებში არსებულ ხარვეზებს: „ჩვენ ვიცით სიებში არსებული ხარვეზების შესახებ. მაგალითად, რამდენიმე ბარათი დაბრუნდა რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ადგილის შეუსაბამობის გამო. გვაქვს ასევე, რამდენიმე ამომრჩევლის განცხადება სიაში არარსებობის პრეტენზიის შესახებ. რაც შეეხება მიცვალებულთა არსებობას – მათი სიიდან ამოღება ჩვენს კომპეტენციას ცილდება. თუ ოჯახის წევრმა განცხადებით არ მიმართა რეესტრს ან საოლქოს, ისევ სიაში იქნება. ხარვეზების შესახებ საუბნო კომისიები ყოველდღიურად გვაწვდიან ინფორმაციებს და ჩვენც, ჩვენი მხრიდან, ცეესკო-ს ვაცნობებთ. როგორც იცით, 22 სექტემბრამდე ხდება სიების გასწორება და მერე, ანუ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სიების საბოლოო ვარიანტს გამოგვიგზავნიან“.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2016 წლის 22 სექტემბერამდე, ამომრჩეველს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია ცეესკო-ს ვებგვერდზე. უზუსტობის აღმოჩენისას, შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს და ცვლილების შეტანა მოითხოვოს.
ინგა გვასალია,
მთავარი თემა სამეგრელოში სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.