ფოთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია ,,ეროვნული ფორუმის” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ოთარ ხარჩილავასგან
საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბაზრის დირექტორმა თეა ბელქანიამ განაცხადა.
ბელქანია ხარჩილავას რამდენიმე დღის წინ ბაზრის მოვაჭრეებთან შეხვედრისას გაკეთებულმა განცხადებამ აღაშფოთა. მისი განმარტებით ხარჩილავა გამარჯვების შემთხვევაში ბაზრის ადმინისტრაციას ტერიტორიას დაატოვებინებს და ბაზარს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს. ბელქანია კანდიდატს ურჩევს, კერძო სექტორში ჩარევისგან თავის შეკავებას და მოუწოდებს, რომ იყოს კორექტული და ფრთხილი განცხადებების კეთებისას.
„ეროვნული ფორუმის“ კანდიდატის ოთარ ხარჩილავას განცხადებებიდან ნათლად ჩანს გამარჯვების შემთხვევაში თავად როგორ აპირებს კერძო სექტორის შევიწროებასა და კლანური სისტემის დამყარებას. რადგან ყველა ობიექტი მან მოსვლისთანავე დაალაგა ფუნქციები შეითავსა და ფოთის აგრარულ ბაზარს უბრუნებს თავის პირვანდელ სახეს. მე მინდა მას ვუპასუხო, რომ დღეს ნამდვილად არავინ მოინდომებს ბაზრის პირვანდელი სახის დაბრუნებას, რადგან ყველას ახსოვს ამ ტერიტორიაზე კოჭებამდე ტალახი და წყალი რომ იდგა. ბაზარში შემოსვლა შეუძლებელი იყო. ამ განცხადებების გამო მას მართებს ორგანიზაციას ბოდიში მოუხადოს. როცა ხარჩილავა ადგილობრივი არცევნებისას იყრიდა კენჭს, მას მხარს ვუჭერდი და მოვაჭრეებსაც მოვუწოდებდი მხარდაჭერისკენ, მაგრამ როგორც კი მოვიდა საკრებულოში ხალხი დაივიწყა. უფრო მეტიც წერილითაც კი მივმართე ბაზრის მოწესრიგებისათვის, მაგრამ პასუხიც კი არ გაუცია- განაცხდა ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორმა თეა ბელქანიამ.
გაკეთებული განცხადებების გამო ბელქანია ოთარ ხარჩილავას შეზღუდვებს უწესებს, მას ეკრძალება შპს ,,ლუკას“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საარჩევნო ბანერების გაკვრა და ბუკლეტების გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით დაჯარიმდება. ხარჩილავა არ აპირებს ბელქანიას ბრალდებებს უპასუხოს, აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის დირექტორის განცხადებებს სასაცილოსა და აბსურდულს უწოდებს.