ცნობილია სისტემა, რომლის მიხედვითაც, დამრღვევ მძღოლებს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ. “საგზაო მოძრაობის შესახებ”
კანონში დაგეგმილი ცვლილებებით,მართვის მოწმებას 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და მის მისაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.
ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა მიხედვით ქულათა შემცირების სისტემა ასეთია:
სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის – 20 ქულა;
აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –30 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის – 30 ქულა;
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, ან მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა, – 15 ქულა;
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა – 10 ქულა;
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა – 15 ქულა;
მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა – 5 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა – 5 ქულა;
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, – 5 ქულა;
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, – 15 ქულა;
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული – 15 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, – 15 ქულა;
იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით – 5 ქულა;
აღნიშნული სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 10 ქულა, ხოლო მისი მესამედ და შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 15 ქულა; −
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – 20 ქულა;
სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით – 15 ქულა;
აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში – 20 ქულა;
აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა, – 10 ქულა;
იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ, – 15 ქულა;
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი – 20 ქულა;
აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 40 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისთვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის – 15 ქულა;
აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 25 ქულა; მისი განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 30 ქულა;
“B” კატეგორიის ან “A1″ ან “B1″ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა – 20 ლარი;
სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – 10 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, – 20 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით – 40 ქულა;
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, – 15 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, – 25 ქულა;
აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, – 35 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით – 10 ქულა;
აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, – 20 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, – 25 ქულა;
აღნიშნული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 40 ქულა;
ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, – 5 ქულა; აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 10 ქულა;
− მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – 5 ქულა;
სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, – 10 ქულა;
გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა – 10 ქულა;
სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა – 5 ქულა; − მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული (“დაუთმე გზა”, “მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია”) ან ამკრძალავი (“შესვლა აკრძალულია”, “მოძრაობა აკრძალულია”) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – 10 ქულა;
შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 10 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – 20 ქულა;
შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა – 30 ქულა;
ამკრძალავი ნიშნის “გაჩერება აკრძალულია” და “დგომა აკრძალულია” მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – 5 ქულა; აღნიშნული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, – 20 ქულა; ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, – 20 ქულა;
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 25 ქულა; ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 30 ქულა;
საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა – 10 ქულა; აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში – 15 ქულა;
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა – 25 ქულა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – 30 ქულა;
საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის “საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ” ევროპის შეთანხმების (AETR) წესების დარღვევით განხორციელება – 15 ქულა;
გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას – 15 ქულა;
ცვლილებები “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონსა და მასთან ერთად, ოთხ კანონში შედის.